კალათბურთი

11:30 | 9.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინისა და ბურჯანაძის გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას XXVIII ტურში ქართველების „მორაბანკ ანდორამ“ საკუთარ კედლებში „ტენერიფე“ დაძაბულ ბრძოლაში 85:82 დაამარცხა.

ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყვნენ ბექა ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი, თუმც ქართულ ლეგიონს ანჯერად საკალათბურთო დარბაზი მაინცდამაინც არ დაუპყრიათ.

თავად განსაჯეთ: ბურჯანაძემ პარკეტზე 28:58 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს ოდენ 6 ქულით შეეწია. ბექამ ორიდან ერთი ორქულიანი, და ოთხიდან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. ერთი სამქულიანი კი, გააცუდა. თუ ქულებში ვერ ივარგა, სამაგიეროდ ფარზე იყო ბატონ-პატრონი და 8 მოხსნა დააგროვა (ეს საუკეთესო შედეგი იყო ამ მატჩში). გარდა ამისა, ერთი პასიც გააკეთა. ბურჯანაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 21-ს უწია.

რაც შეეხება შერმადინს - თავიდან გეტყვით, რომ ჩვენებური დააჯილდოვეს და ლიგა ენდესას გასული თვის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო გადასცეს. ქართველმა ცენტრმა 25:44 წუთში 13 ქულა და 7 მოხსნა შესძინა თავის გუნდს. გიორგიმ 8 ცდიდან მხოლოდ სამი ორქულიანი მოათავსა კალათში, ათიდან კი, 7 ჯარიმა გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტს რაც შეეხება - 18.

„მორაბანკ ანდორას“ 26 თამაშში 14 მოგება და 12 წაგება აქვს. ამ შედეგით კი, მერვე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113386