კალათბურთი

23:10 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,წყალტუბომ“ პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

კალათბურთში ა ლიგის მეთორმეტე ტური ,,წყალტუბოსა“ და ,,არენა 76“ -ს მატჩით დაიწყო. ზედიზედ რამდენიმე წაგების შემდეგ წყალტუბოელებმა პირველ ადგილზე გასვლისა და უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვების შანსი საგრძნობლად შეიმცირეს. ამ შეხვედრამდე ,,წყალტუბო“ პირველ ადგილზე მყოფ ,,დელტას“ 4 ქულით ჩამორჩებოდა და პირველობის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებდა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ 4 ტური რჩება.

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ,,არენა -76“ -მა 98:87 მოიგო, ,,წყალტუბომ“ პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა და ახლა პირველ ოთხეულში მოსახვედრად უნდა იზრუნოს, რათა 2017-2018 წლების სეზონისათვის ა ლიგაში თამაში აქედანვე გაინაღდოს.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. თბილისელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ამერიკელმა ლეგიონერებმა როდნერიუს ლუისმა (26 ქულა) და პიტერ ალექსისმა ( 23 ქულა) შეიტანეს, რომლებმაც მთელი გუნდის მიერ მოპოვებული ქულების ნახევარი დააგროვეს.

მასპინძელთა შორის 23 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი კუჭავა იყო. მისმა თანაგუნდელმა დმიტრი სვირიდოვმა 21 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

,,წყალტუბო“- ,,არენა 76“ 87:98 (17:21, 27:27, 22:27, 21:23)

0.126461