კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტურინის “იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის რეკომენდაციას აძლევს. ესპანელმა სპეციალისტმა იტალიელ კოლეგას “ბარსასთან” შეხვედრისას გუნდის ლიდერების დასვენება ურჩია.
“ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა მალე განახლდება, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატშიც კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. სეზონის ფინიშზე მშვიდად შეხვედრა გვმართებს – ჯერ არაფერი მოგვიგია, მაგრამ არც არაფერი წაგვიგია”, - აღნიშნა ლუის ენრიკემ “მალაგასთან” მატჩის წინ.
გარდა ამისა, ესპანელმა “იუვენტუსთან” მატჩამდე იხუმრა და მასიმილიანო ალეგრის რჩევა მისცა:
“რეკომენდაციას ვუწევ ალეგრის: ჩვენს წინააღმდეგ დიბალა, მანჯუკიჩი, იგუაინი და კუადრადო დაასვენოს იტალიის ჩემპიონატისთვის”, - დასძინა ენრიკემ.
“ბარსელონა” “მალაგას” შაბათს დაუპირისპირდება, ხოლო “იუვენტუსს” ტურინში 11 აპრილს ეწვევა.