სხვა

11:52 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ასანიძე: „ჩვენი განსაკუთრებული მოლოდინი ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს უკავშირდება“

სპლიტში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში.77 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით გიორგი ლომთაძე გამოვიდა. გიორგის გამოსვლაზე და ჩვენი გუნდის პერსპექტივაზე ნაკრების საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურთან ისაუბრა.

გიორგი ასანიძე: „დამთავრდა 77 კილოგრამში ორივე, A და B ჯგუფი და დამაჯერებლად მოიგო რუმინელმა,რომელიც ისევე, როგორც ჩვენი გიორგი ლომთაძე, B ჯგუფში მონაწილეობდა. პირველ რიგში,მინდა შევეხო გიორგის გამოსვლას, რომელიც ატაცში ძალიან კარგად გამოვიდა და აკვრაში თავდაჯერებულობა აკლდა. ამას აქვს თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი. ოჯახის წევრის გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედიაა.

გიორგიმ ამ ტარგედიის ფონზე მაინც შეძლო გამოსვლა. ატაცში ლომთაძემ 146 კილოგრამი დააფიქსირა, სამივე მისვლა გამოიყენა და აკვრაში - 165 კილოგრამზე გაჩერდა. გიორგიმ 170 კილოგრამიც ასწია, მაგრამ მსაჯებმა არ ჩაუთვალეს და ჩემი აზრით, იქ იყო დარღვევა. ეს შედეგი, 170 საბოლოო განლაგებაზე დიდად არ იმოქმედებდა, მაგრამ მაინც. სამუშაო დრო ჯერ გვაქვს და მჯერა, რომ გიორგი გააუმჯობესებს თავის შედეგებს. არის ტურნირები, სადაც ეს ბიჭი უნდა გამოვიდეს.“

ნაკრების სხვა წევრებზე

„ჩვენი მოლოდინი და იმედი უკავშირდება ბოლო დღეს, როდესაც მძიმე წონაში ჩვენი ორი ათლეტი გამოვა, მაგრამ მანამდე ტურნირში ჩაერთვება ჩვენი გოგონა ანასტასია გოტფრიდი. ის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. ანასტასიას სამწუხაროდ მუხლი აწუხებდა, მაგრამ ჩვენი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ტრავმა მოურჩინოს.“

ლაშა ტალახაძეზე

„რაც შეეხება ლაშას, კმაყოფილი ვარ. ჯერ იმ ვარჯიშებით, რაც აქ ჩამოსვლამდე ჩავატარეთ და შემდეგ უკვე, აქ, ადგილზე. ლაშა ფორმაშია.“

ირაკლი თურმანიძეზე

„ირაკლის კუნთი აქვს გაგლეჯილი,მაგრამ ტურნირისთვის მზად იქნება. ის გუნდის კაპიტანია და მედლისთვის უნდა იბრძოლოს. ყველაფერს ფიცარნაგი გვაჩვენებს.“

პირობებზე

„ატმოსფერო ძალიან კარგია. ორივე დარბაზი, როგორც სავარჯიშო, ასევე - საშეჯიბრო მოგვწონს, გვაკმაყოფილებს. ქალაქი ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ყველაფრით კმაყოფილები ვართ და დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული.“

0.065074