ფეხბურთი

10:10 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია თასის ფინალშია, კაშია ევროპა ლიგასთან ახლოს

რუსეთის თასის ფინალში ითამაშებს სოლომონ კვირკველია - მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ნახევარფინალში „უფას“ მანუელ ფერნანდეშის გოლით აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა. იური სიომინმა კვირკველია ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და ჩვენებურიც ჩვეული დამაჯერებლობით გამოირჩა. სოლომონმა შეუცვლელად ითამაშა. „ლოკომოტივი“ თასის ფინალში „ურალსა“ და „რუბინს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება - მეტოქე დღეს გაირკვევა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის XXIX ტურში არნემის „ვიტესმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა - არნემელებმა ალმელოში „ჰერაკლესს“ 1:0 აჯობეს. სტუმართა შორის 90 წუთი ითამაშა კაპიტანმა გურამ კაშიამ. „ვიტესს“ 29 თამაშში 45 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

ავსტრიის თასის ნახევარფინალში ითამაშებს გიორგი ქვილითაია და ვენის „რაპიდი“. დედაქალაქურმა გუნდმა მეოთხედფინალში გასვლაზე ქვედალიგელ „პოლტენს“ ადვილად, 3:1 მოუგო. სტუმართა შორის, შეხვედრის ბოლო 18 წუთი ითამაშა გიორგი ქვილითაიამ და მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, საგოლე გადაცემით მაინც გამოირჩა.

ბელარუსიის თასზე მოულოდნელად დამარცხდა ბორისოვოს „ბატე“, რომელმაც ბრესტში, „დინამოსთან“ 0:2 წააგო. „ბატეს“ რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 80 წუთი გაატარა ვაკო გვილიამ. ბორისოველებს ფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ, რადგან 26 აპრილს, საპასუხო თამაში გაიმართება.

პოლონეთის თასის ფინალს მიღმა დარჩა მათე ცინცაძე - „პოგონმა“ პოზნანის „ლეხთან“ საკუთარ მოედანზეც წააგო (0:1) და გათამაშებას გამოეთიშა. ქართველ ნახევარმცველს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. აქვე გეტყვით, რომ პოლონეთის თასის ფინალში "ლეხის" მეტოქე "არკა" იქნება, რომლის ღირსებასაც ლუკა ზარანდია იცავს.

0.119464