ფეხბურთი

10:00 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - მარტის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება, რომელშიც ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. როგორც ყოველთვის აღნიშნული გამოკითხვა ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ “თქვენ ირჩევთ” სექტემბრიდან იღებს სათავეს. აქამდე ზედიზედ ორჯერ გამოკითხვაში საუკეთესოობა მხოლოდ ლევან მჭედლიძემ მოახერხა, თუმცა იქედან მოყოლებული ქართველი ფორვარდი ლაზარეთშია. აქვე, ჩამოგითვლით წინა გამარჯვებულებს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერში), ვაკო გვილია (ოქტომბერში), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერში), ლევან მჭედლიძე (დეკემბერში), ლევან მჭედლიძე (იანვარში), გიორგი მაკარიძე (თებერვალში).

ახლა კი, მარტის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. გეტყვით, რომ ხუთი კანდიდატი გვყავს, რომელთაც მარტი სხვების ფონზე მაინც, წარმატებული გამოუვიდათ და ქართველი გულშემატკივარი კარგი თამაშით გაახარეს. აქვე გეტყვით, რომ ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა გასული თვის გამარჯვებული, "მორეირენსესა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე - ქართველ კიპერს, ამჯერად ისეთი შთამბეჭდავი თამაში არ უჩვენებია, როგორც წინა თვეებში. განსაკუთრებით, იანვარსა და თებერვალში.

მაშ ასე, მარტის თვის ნომინანტთა სია ასეთია, ხოლო ჯერი თქვენზეა – “თქვენ ირჩევთ”.

ჯანო ანანიძე („სპარტაკი“, რუსეთი) - ჯანო ფორმაში ნელ-ნელა შედის. ქართველი „ფანტაზისტასთვის“ განსაკუთრებით წარმატებული მარტის ბოლო გამოდგა. ჯანომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც დაგვამახსოვრა კარგი თამაშით თავი. მართალია, ეს უფრო ლატვიასთან ამხანაგურ მატჩზე ითქმის, მაგრამ მაინც - ჯანომ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. სერბეთთან კი, იმდენად ეფექტურად ვერ გამოიყურებოდა. რაც შეეხება „სპარტაკს“ - მარტში პრემიერლიგაში ორჯერ ითამაშა. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა მოსკოვურ დერბში, „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ.

P.S ანანიძემ „ორენბურგთან“ საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩინებულად ჩაატარა შეხვედრა, მაგრამ ეს უკვე აპრილის თვეში მოხდა და ამიტომაც, ამაზე უკვე მიმდინარე თვის შეჯამებისას ვისაუბრებთ.

გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია) - გურამ კაშია ძველებურად, სტაბილურად მაღალ დონეზე ირჯება. საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ორივე თამაში განსაკუთრებული ლაფსუსების გარეშე ჩაატარა. „ვიტესის“ რიგებში კი, მარტში მოედანზე ოთხჯერ გავიდა და ერთხელ გოლი გაიტანა, ერთხელ კი, ავტოგოლი (ჰოლანდიის თასზე). ახლა, გურამს კარიერაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელოდება - აპრილის მიწურულს ჰოლანდიის თასის ფინალი.

გიორგი ქვილითაია („რაპიდი“, ავსტრია) - გიორგი ის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენი გამოკითხვის ფაქტობრივად მუდმივი ნომინანტია. ქვილითაიამ მარტშიც ნორმალურად ითამაშა და განსაკუთრებით, სხვების ფონზე - ყველაფერი ხომ ფარდობითია. 24 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრებში ლატვიას ორი გოლი გაუტანა და პენალტიც მოინადირა. „რაპიდში“ უკვე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და მარტში გოლიც გაიტანა: „მატერსბურგის“ კარში, ლამაზი თავური დარტყმით.

ნიკა კვეკვესკირი („გაბალა“, აზერბაიჯანი) - ნიკამ „გაბალას“ რიგებში აზერბაიჯანის ჩემპიონატში ორჯერ ითამაშა გასულ თვეში, თუმცა ჩვენს გამოკითხვაში ამის გამო ნამდვილად არ იმყოფება - ამის მიზეზი ერთია: საქართველოს ეროვნული ნაკრები და ნიკას ჩატარებული მატჩები. კვეკვესკირი სერბეთისა და ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ჩინებულად გაისარჯა და ქართველთაგან უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

დავით ხოჭოლავა („ჩერნომორეცი“, უკრაინა) - როდესაც დონეცკის „შახტარს“ აქტიურად გიკავშირებენ, ე.ი. მართლაც კარგ ფორმაში ხარ. 24 წლის დავით ხოჭოლავას შეიძლება ითქვას კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას. „ჩერნომორეცის“ მცველმა ნაკრებშიც ითამაშა ლატვიელთა წინააღმდეგ. თუმცა, მთავარი მოვლენები მაინც კლუბში ვითარდება - მარტში დავითმა 2-ჯერ ითამაშა და კიევის „დინამოს“ გოლიც გაუტანა. საერთოდ, ხოჭოლავა ზედიზედ ორჯერ მოხვდა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში (თუმცა, ერთხელ აპრილის თვეში) და გარდა ამისა, იმავე ჩემპიონატის თებერვალ-მარტის სიმბოლურ ნაკრებშიც. ფაქტია, ახალგაზრდა ფეხბურთელი კარგ პერიოდს განიცდის და იმედია, პროგრესს გააგრძელებს.

0.129918