ძიუდოში თბილისის გრან პრი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა - მამაკაცთა შორის, უმძიმესი წონითი კატეგორიის ფინალში ადამ ოქრუაშვილმა უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკო დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ამავე +100 კილოგრამში, საპრიზო სამეულში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი შევიდა – ლევან მატიაშვილმა რეპეშაჟის ფინალში თანაგუნდელ გუგა კიბორძალიძეს სძლია და ბრინჯაოს დაეუფლა.
ასევე ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა გრან პრიზე გამოსვლა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე უშანგი მარგიანმა. საქართველოს ქალთა ნაკრების მძიმეწონოსან ელენე ქებაძეს კი საპრიზო სამეულამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგება დააკლდა და კიბორძალიძის მსგავსად, მე-5 ადგილს დასჯერდა.
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სულ მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა. მამაკაცებში 90, 100 და +100 კილოგრამებში, ხოლო ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრების 13 წევრიდან ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება სწორედ ზემოთ ჩამოთვლილმა 5-მა ძიუდოისტმა მოიპოვა.
ადამ ოქრუაშვილს პირველ წრეში მეტოქედ ლეგენდარული რუსი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონი, 37 წლის ალექსანდრ მიხაილინი ერგო და საჭიდაოდ განკუთვნილი 4 წუთის შემდეგ ვაზარით აგებდა, მაგრამ მსაჯმა მიხაილინს შეხვედრის მიწურულს გაპასიურება არ აპატია, საფინალო გონგის შემდეგ მესამე შიდოთი დასაჯა და გამარჯვებულად ადამ ოქრუაშვილი გამოაცხადა.
მეორე წრეში – მეოთხედფინალში ევროპის 2015 წლის ქართველმა ჩემპიონმა ყაზახი იელამან იერგალიევი ორწუთნახევარში შებოჭა. შებოჭვითვე მოუმთავრა საქმე გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ ბრაზილიელ დავიდ მოურასაც, ოღონდ მასთანაც ბეწვის ხიდზე გაიარა – ვაზარის აგებდა და მეტოქე შეხვედრის ბოლო წამზე გამოიჭირა.
ფინალიც შებოჭვით დაგვირგვინდა – ოქრუაშვილმა ბონდარენკო მეორე წუთის მიწურულს ვაზარიზე დასცა და უმალ ბეჭებზე გააკრა.
ლევან მატიაშვილისა და გუგა კიბორძალიძის უილეთო დაპირისპირებაში ბრინჯაოს ბედი ერთმა შიდომ გადაწყვიტა, მატიაშვილის სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ ლევანმა რეპეშაჟში გადართვამდე, ძირითად ბადეში ერთი შეხვედრა მოიგო და ისიც თანაგუნდელთან – ონისე ბუღაძესთან, "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით. ოქრო-ვერცხლის შანსი კი ნახევარფინალში დაკარგა, ბონდარენკოსთან მარცხით.
უშანგი მარგიანი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ირანელ ვაჰიდ ნოურის მე-6 წუთზე შესრულებული ვაზარით აჯობა. მეოთხედფინალში უნგრელ გაბორ ვერთან პირველსავე კონტაქტზე სუფთა გდებაზე წამოეგო და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ვაზარით სძლია მონღოლ ალტანბაგანა განტულგას. გადამწყვეტ ბრძოლაში კი გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ ბრიტანელ მაქს სტიუარტს დაეჭიდა და ზედ საფინალო გონგისას დასცა ვაზარიზე.
ელენე ქებაძისთვის უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, თბილისის გრან პრი მაინც წარმატებულ ტურნირად შეიძლება ჩაითვალოს. 22 წლის სპორტსმენმა, რომელსაც სერიოზულ კონკურენტად ალბათ ბევრი არ მიიჩნევდა, ძირითად ბადეში ორი ლამაზი გამარჯვება მოიპოვა. ჯერ რუსი პელაგია ლაპშინა შებოჭა წუთსა და 24 წამში, შემდეგ კი ერთ-ერთი ფავორიტი – ევროპის 2-გზის პრიზიორი, უკრაინელი სვეტლანა იარომკა გააკრა ტატამს. ნახევარფინალში თავად მოჰყვა შებოჭვაზე, მომავალ ჩემპიონთან – Bელარუს მარინა სლუცკაიასთან შეხვედრაში. "ბრინჯაოს ფინალში” კი სახიფათო ილეთის შესრულებისთვის მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა.
დღესვე, საქართველოს სახელით ტატამზე არჩილ გოგოლაშვილი, ნიკა სიდამონიძე, ნოდარ ბერიანი (სამივე 90 კგ), ლაშა ტაველური, იასონ ნემსაძე, ონისე სანებლიძე და ალექსანდრე ზაალიშვილიც (ოთხივე 100 კგ) გავიდნენ, მაგრამ მედლისთვის ბრძოლას დილის პროგრამაშივე გამოეთიშნენ.