მაიამის მასტერსის 1/4-ფინალში დიდი სლემის სერიის ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა ტომაშ ბერდიხი 6:2, 3:6, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. როჯერმა ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო.
პირველ სეტში შვეიცარიელმა ორი ბრეიკით იმარჯვა. მეორე პარტიაში 4:3-ზე ბერდიხის სასარგებლოდ ჩეხმა ბრეიკი გაახერხა და სეტების ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში როჯერი 5:2 დაწინაურდა და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტომაშმა თამაშის შემოტრიალება მოახერხა და 4:5-ზე მატჩ-პოინტიც გადაარჩინა. საბოლოოდ ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ბერდიხი 6:4 იგებდა და ორმაგი მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა როჯერმა ორივე გააბათილა და საბოლოოდ 8:6 მოიგო.
ფედერერს 11 ეისი ჰქონდა, ბერდიხს – 9.
ნახევარფინალში როჯერი ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს დაუპირისპირდება, რომელმაც 1/4-ფინალში ალექსანდრ ზვერევი 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა. ფედერერისა და კირგიოსის შეხვედრა 1 აპრილს თბილისის დროით 03:00-ზე დაიწყება.
“მაიამის” მასტერსის საპრიზო ფონდი 7,9 მილიონ დოლარს შეადგენს.