სხვა ნაკრებების მსგავსად, საქართველოს 18-წლამდე ნაკრებიც (1999 წელს დაბადებულები და უმცროსები) შეიკრიბა და "გაგრასთან"ამხანაგური მატჩი გამართა. ნაკრები 1:3 დამარცხდა, გოლი კი თავდამსხმელმა მიხეილ ერგემლიძემ (თბილისის "დინამო") გაიტანა.
ვასილ მაისურაძე ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ შეკრებდა, რადგან ბევრი ფეხბურთელი გიორგი ყიფიანის 19-წლამდე ნაკრებში იყო გამოძახებული და მათ რუსებთან ამხანაგურ შეხვედრებში ითამაშეს. როგორც იცით, ორივე მატჩი 1:0 მოვიგეთ. გარდა ამისა, მაისურაძემ "საბურთალოს" ფეხბურთელებიც მოისაკლისა, რადგან საბურთალოელთა მეორე გუნდს ჩემპიონატის თამაში ჰქონდა.
მაისურაძის ნაკრებს 8-14 ნოემბერს ბოსნიაში ელის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც მეტოქეები ბოსნია, საფრანგეთი და ანდორა იქნებიან. მანამდე კი ამხანაგურებია: 2 და 4 მაისს უზბეკეთთან საშინაო შეხვედრები და ივნისის დასაწყისში ბულგარეთთან ორი გასვლითი თამაში.
18-წლამდელთა შემადგენლობა თბილისურ შეკრებაზე ასეთი იყო: გიორგი მამარდაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ბექა ხარშილაძე, პაატა კიტეიშვილი, მიხეილ ერგემლიძე, ბექა დარცმელია (ყველა - დინამო თბილისი), ჯემალ ზარნაძე, სერგო კუხიანიძე (ორივე - ტორპედო), ჯაბა კასრელიშვილი (ცხინვალი), ივანე ძოძუაშვილი (დინამო სოხუმი), გიორგი გურგენიძე, გიორგი ჭურღულაშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, თორნიკე ძებნიაური, აკაკი ქიმერიძე, ლაშა ოზბეთელაშვილი, სანდრო შეწირული, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლევან გრძელიძე (ყველა - ლოკომოტივი).