საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს სეზონის ბოლოს ვარშავის „ლეგიას“ დატოვება მოუწევს. პოლონური გამოცემა Meczyki.pl-ის ინფორმაციით, პოლონეთის ჩემპიონის სამწვრთნელო შტაბი ქართველი შემტევის თამაშით უკმაოფილოა და კლუბი არ აპირებს არნემის „ვიტესიდან“ მისი სატრანსფერო უფლებები გამოისყიდოს.
ყაზაიშვილი „ლეგიაში“ გასულ ზაფხულს იჯარის წესით გადავიდა, თუმცა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა. დღემდე ვაკომ ვარშაველთა ღირსება 14 მატჩში დაიცვა (581 წუთი), გოლი არ გაუტანია და მხოლოდ ორი საგოლე პასი გააკეთა.
ვაკო ყაზაიშვილს არნემის „ვიტესთან“ კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და როგორც ჩანს, ჰოლანდიაში დაბრუნება ერთწლიანი პაუზის შემდგომ მოუწევს.