საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური „ემპოლის“ ფორვარდი ლევან მჭედლიძე მოედანს უბრუნდება. ამის შესახებ თავად ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა. ლევანის თქმით, როგორც იქნა გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა და იმედოვნებს, რომ დამდეგ უიქ-ენდზე „რომას“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
„როგორც იქნა, ვხედავ გვირაბის ბოლოს სინათლეს - კარგი შეგრძნებაა. პრაქტიკულად ბურთს არ შევხებივარ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ. ეს იყო რთული, ძალიან რთული, მაგრამ ახლა იმედი მაქვს, რომ შუა კვირაში უკვე შემეძლება გუნდთან ერთად ვარჯიში და „რომასთან“ მატჩისთვის მზად ვიქნები.
ჩემს კარიერაში პირველი ტრავმა არაა, მაგრამ ეს, ისეთ დროს მივიღე, როცა არ უნდა მიმეღო. ვწუხვარ გუნდის მდგომარეობის გამოც და მესმის ჩვენი გულშემატკივრების იმედგაცრუების, თუმცა მათაც უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ ვართ პირველნი, რომლებიც კმაყოფილები არ ვართ. რაც შემეხება პერსონალურად მე - კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ აქ ხალხს ძალიან ვუყვარვარ - ჩემსა და „ემპოლის“ შორის, არის რაღაც განსაკუთრებული.
გუნდიდან წასვლა? - ყველაფერი სისულელეა. გუნდთან ერთი წელი კონტრაქტი კიდევ მაკავშირებს და თუ ხელმძღვანელობას თანამშრომლობის გახანგრძლივების სურვილი ექნება, მე მზად ვარ“, - ციტირებს ლევანის სიტყვებს Gazzetta Dello Sport-ი.
მიმდინარე სეზონში მჭედლიძეს 12 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარი ხუთჯერ აიღო. აღსანიშნავია, რომ იგი ამ შედეგით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. რაც შეეხება ტრავმას - 5 თებერვალს მიიღო „ტორინოსთან“ მატჩში დ აიქედან მოყოლებული არ უთამაშია. აღნიშნული მიზეზით ლევანმა საქართველოს ნაკრების დახმარებაც ვერ მოახერხა.