საქართველო - სერბეთი 1:3. ასე დასრულდა, "დინამო არენაზე" გამართული მატჩი და ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს აქტივში ისევ ორი ქულა დარჩა. არადა, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ჩინებული ფეხბურთი აჩვენა და ერთი ხანობა ვიფიქრეთ კიდეც, რომ პირველ გამარჯვებას ვიზეიმებდით, მაგრამ ასეა - ერთი ტაიმის თამაში მატჩის მოსაგებად არ კმარა...
44-ე წუთზე ოთარ კაკაბაძემ საკუთარ საჯარიმოში კოსტიჩი წააქცია, ხოლო დანიშნული პენალტი გოლად დუშან ტადიჩმა აქცია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გარდამტეხი მომენტი შეხვედრაში და შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. იქამდე, მოედანზე ყველაფერი ქართველთა სასიკეთოდ ხდებოდა – მეხუთე წუთზე ნიკა კაჭარავამ კარგი ალღო გამოავლინა, ალექსანდრ კოლაროვის გადაცემა ჩაჭრა და ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. ამის მერეც ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე გოლი უნდა გაეტანა. ვაკო ყაზაიშვილი ორჯერ დარჩა მეკარე სტოიკოვჩთან პირისპირ – ჯერ კიპერმა აუღო, მერე კი, კაჭარავას დიდებული პასით დარჩა ერთ-ერთზე, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა შორეულ ძელს. გულდასაწყვეტია, რომ ყაზაიშვილს ჯანო ანანიძე ეხსნებოდა ცარიელი კარის წინ, მაგრამ “ლეგიას” შემტევმა პასი არ მისცა – ან ვერ დაინახა, ან უბრალოდ გოლის გატანის სურვილმა გადასძალა...
აი, მეორე ტაიმი კი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთი არ უთამაშია. ყოველშემთხვევაში “ჯვაროსნებს” რეალური ვიღა ჩივის და, ნახევრად საგოლე მომენტიც არ შეუქმნიათ და სერბებმა კი, მშვიდად და აუღელვებლად მიაღწიეს სასურველ შედეგს. 65-ე წუთზე ალექსანდრ მიტროვიჩმა მაღალი კლასი აჩვენა და თავისიანები მოხდენილი გოლით დააწინაურა, ხოლო შეხვედრას წერტილი შეცვლაზე შესულმა გაჩინოვიჩმა დაუსვა – 1:3. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სერბეთის ნაკრებმა კარის ჩარჩოში სამჯერ დაარტყა... ასეა, თანამედროვე ფეხბურთში საგოლე მომენტების მაქსიმალურად რეალიზება ბევრს ნიშნავს. სწორედ აქ, გვახსენდება 35-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის მომენტი – მომნეტი, რომელსაც შეეძლო დღევანდელი მატჩის რადიკალურად განსხვავებული შედეგის დაფიქსირება...
საქართველო – სერბეთი 1:3 (1:1)
საქართველო (4-3-3): ლორია; კაკაბაძე (არაბიძე 70), კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; გვილია, კვეკვესკირი, კანკავა; ყაზაიშვილი (ქვილითაია 83, კაჭარავა, ანანიძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
სერბეთი (3-4-1-2): სტოიკოვიჩი; ივანოვიჩი, მაკსიმოვიჩი, კოლაროვი; რუკავინა, მილოევიჩი, მატიჩი, ობრადოვიჩი (ვუკოევიჩი 46); ტადიჩი; კოსტიჩი (გაჩინოვიჩი 81), მიტროვიჩი (გუდელი 71)
მწვრთნელი: სლავოლიბ მუსლინი
გოლები: 1:0 კაჭარავა (5), 1:1 ტადიჩი (45, პენ), 1:2 მიტროვიჩი (65), 1:3 გაჩინოვიჩი (86)
მსაჯი: ფელიქს ცვაიერი