საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ოქროსა და ვერცხლის მედლით დაასრულა. ესკერხან მადიევი ევროპის ჩემპიონი გახდა, ლაშა გურული კი ვერცხლის მედლის მფლობელი.
რუმინეთის ქალაქ ბრაილაში გუშინ დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე, ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თბილისელმა ესკერხან მადიევმა, რუსი ვლადისლავ სავოსტიანოვი დაამარცხა.
64 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იასპარეზა ლაშა გურულმაც, რომელმაც ინგლისელი ლუკ მაკკორმიკის წინააღმდეგ ღირსეულად იბრძლა, თუმცა საბოლოოდ მსაჯებმა გამარჯვება ბრიტანელს მიაკუთვნეს.
ევროპის ჩემპიონმა ესკერხან მადიევმა, ოქროს მედლისკენ სავალ გზაზე, ჯერ ბულგარელ მოწინააღმდეგეს აჯობა, შემდეგ მასპინძელთა წარმომადგენელი დამარცხა, მეოთხედფინალში ინგლისელ ფაილ კარლს სძლია, ხოლო ნახევარფინალში გერმანელი პაულ ვოლის მოუგო.
ლაშა გურულმა ფინალამდე 4 მეტოქე დაამარცხა. მან სასატარტო დუელი რუს მეტოქეს მოუგო, რის შემდეგაც ნორვეგიელი, რუმინელი და იტალიელი მოკრივეებიც დაამარცხა.
საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრები კონტინენტის პირველობიდან სამშობლოში 22 მარტს, თურქეთის ავია რეისით 17:15 საათზე ჩამოფრინდება.
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური