ოდესის “ჩერნომორეცის” ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის XXII ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 24 წლის ფეხბურთელს კარგი თამაში ავტორიტეტულმა გამოცემა Football.ua-მ დაუფასა.
“ალეკსანდრ ბაბიჩი კიევის “დინამოსთან” მატჩის მიმდინარეობისას ექსპერიმენტებს მიმართავდა და ამიტომაც, ხოჭოლავას ორ სხვადასხვა პოზიციაზე მოუწია თამაში – ცენტრალურ მცველად და საყრდენად.
მიუხედავად ამისა, მან უდიდესი სამუშაო შეასრულა მინდორზე და გარდა ამისა, გოლიც გაიტანა”, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, გასულ უიქ-ენდზე “ჩერნომორეცი” “დინამოსთან” 1:2 დამარცხდა და ერთადერთი გოლი ოდესელთაგან სწორედ ხოჭოლავამ გაიტანა.
გარდა ამისა, უკრაინული მედიის და კერძოდ, Ua.Tribuna.com-ის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში დონეცკის “შახტარის” მოთამაშე გახდება:
“შახტართან” ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია. რაც შეეხება ტრანსფერს, ჯერ “ჩერნომორეცთან” ხელშეკრულება მაკავშირებს და ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში. კონტრაქტის გახანგრძლივება ოდესაშიც შემომთავაზეს, თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერი უთქვამთ. ვფიქრობ, მალე ამაზეც ვისაუბრებთ”, - ციტირებს გამოცემა ხოჭოლავას სიტყვებს.