ფეხბურთი

23:43 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანის” ფანები ანდრეა პირლოს დიდების დარბაზიდან გაძევებას ითხოვენ

“მილანის” გულშემატკივრები ანდრეა პირლომ გააბრაზა. როგორც გამოცემა Il Giornale იტყობინება, “როსონერის” ქომაგები კლუბის ხელმძღვანელობას ლეგენდარული ფეხბურთელის “მილანის” დიდების დარბაზიდან მოხსნას ითხოვენ.

საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ, “იუვენტუსი” – “მილანის” მატჩის ბოლო წუთზე დანიშნულ თერთმეტრიანზე ამჟამად “ნიუ-იორკ სიტის” ნახევარმცველმა, თავისი აზრი საჯაროდ დააფიქსირა და განაცხადა, რომ მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში, როდესაც იგივე გუნდები იტალიის სუპერთასზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, პირლომ მაშინ განაცხადა, რომ სურდა ტიტული “ბებერ ქალბატონს” მოეგო. მოკლედ, ანდრეას ბოლოდროინდელმა განცხადებებმა “მილანის” ტიფოზების საფუძვლიანი გაღიზიანება გამოიწვია და შესაბამისმა რეაქციამაც არ დააყოვნა.

აღნიშნული დიდების დარბაზი “მილანის” ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული და მასში “როსონერის” ლეგენდარული ფეხბურთელები არიან შესულნი. საგულისხმოა, რომ მათ შორისაა კახა კალაძეც.

სხვა მხრივ კი, “მილანის” დიდების დარბაზი შემდეგნაირად გამოიყურება:

კრისტიან აბიატი, მასიმო ამბროზინი, ანდრეა პირლო, კარლო ანჩელოტი, დემეტრიო ალბერტინი, ანჯელო ანკილეტი, ფრანკო ბარეზი, ზვონიმირ ბობანი, ალესანდრო კოსტაკურტა, ფაბიო კუდიჩინი, რობერტო დონადონი, რენცო დე ვეკი, ნელსონ დიდა, ჯენარო გატუზო, ალბერიო ევანი, კარლო გალი, გოვანი გალი, ჯორჯო გეცი, კურტ ჰამრინი, რუუდ გულიტი, ფილიპო ინძაგი, კახა კალაძე, ჩეზარე მალდინი, პაოლო მალდინი, ბრუნო მორა, დანიელე მასარო, ალესანდრო ნესტა, კარლ ჰაინ შნელინგერი, დეიან სავიჩევიჩი, კლარენს ზეედორფი, რიკარდო კაკა, ჯოვანი ტრაპატონი, ფილიპო გალი, ჯოვანი, ლოდეტი, მარკუს კაფუ, ჟოზე ალტაფინი, ჰანი რივერა, ანდრეი შევჩენკო, მარკო ვან ბასტენი, ჟორჟ ვეა, კარლო ანოვაცი, ფრანკ რაიკაარდი, ნილს ლიდჰოლმი, გუნარ ნორდალი.

რაც შეეხება პირლოს – იგი “მილანში” 2001-2011 წლებში თამაშობდა და ხსენებულ დროში 401 მატჩში 41 გოლი გაიტანა.

0.109278