ფეხბურთი

10:00 | 14.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის დაბრუნებას დღეს ელოდებიან, მაგრამ "ნაპოლისთან" ვერ ითამაშებს და სერბეთთან?

იტალიური “ემპოლის” ქართველი ფორვარდის ლევან მჭედლიძის დაბრუნებას დღეს ვარაუდობენ. იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოსკანელები ვარჯიშს გამართავენ და მთავარი მწვრთნელი ჯოვანი მარტუშიელო იმედოვნებს, რომ წვრთნაში მონაწილეობას მჭედლიძეც მიიღებს.

თუმცა, ასეც რომ მოხდეს, ნაკლებ სავარაუდოა ჩვენებური სათამაშოდ მზად იყოს და შესაბამისად, დამდეგ ტურში “ნაპოლისთან” მნიშვნელოვან შეხვედრაში მისი მონაწილეობა თითქმის გამორიცხულია, შემდგომ კი, უკვე სანაკრებო პაუზის ჯერიც დგება.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს საკითხია – მოსაწრებს თუ არა სრულად განკურნებას ლევანი სერბეთთან 24 მარტს გასამართ მატჩამდე. ისე კი, ვლადიმირ ვაისმა იგი ნაკრებში გამოიძახა და წესით მისი უნდა ეიმედებოდეს კიდეც.

შეგახსენებთ, ლევან მჭედლიძეს თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული არ უთამაშია. ბოლოს იგი მოედანზე “ემპოლისა” და “ტორინოს” მატჩში იყო.

0.113779