დორტმუნდის “ბორუსია” ლისაბონის “ბენფიკასთან” საპასუხო თამაშის წინ ფავორიტია მიუხედავად იმისა, რომ სამი კვირის წინ “და ლუჟზე” 0:1 წააგო. მაშინ ერთადერთი გოლი ბერძენმა კოსტას მიტროღლუმ გაიტანა, რომელიც საოცარ ფორმაშია და ბოლო 17 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი. მოკლედ, გერმანელები მიტროღლუს დღესაც უნდა უფრთხოდნენ. “დორტმუნდი” მიმდინარე სეზონში მაინცდამაინც დამაჯერებლად ვერ თამაშობს, თუმცა ეს უფრო ბუნდესლიგაზე ითქმის. და მაინც, ტომას ტუხელის გუნდი ბოლო დროს კარგ ფორმაშია – სხვათა შორის, “ყვითლები” ლისაბონში დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და შეეძლოთ ახლა უკეთეს სიტუაციაში ყოფილიყვნენ.
დღევანდელ მატჩში ტომას ტუხელის განკარგულებაში როისი, გიოტცე, როდე და ბენდერი არ იქნებიან, ხოლო რუი ვიტორია ფეისას და ფელიპე აუგუსტოს ვერ დაიხმარს.
აქვე გეტყვით, რომ 1:0 უეფას ტურნირების პლეი-ოფში 990-ჯერ დაფიქსირებულა. აქედან, მომდევნო ეტაპზე 402-ჯერ (40.6%) ის გუნდი გავიდა, რომელიც მეორე მატჩს საკუთარ მოედანზე ატარებდა, ხოლო 588-ჯერ ის გუნდი, რომელიც მეორე შეხვედრას სტუმრად თამაშობდა (59.4%).
“დორტმუნდმა” ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “რეალს” აჯობა და 21 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. “ბენფიკა” კი, “ნაპოლის” ჩამორჩა და ყველაზე დაბალი ქულათა მონაგარით გავიდა პლეი-ოფში.
ტომას ტუხელი (“დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი): “მე რომ ვიყო “ჩელსის”, “იუვენტუსის” ან “ატლეტიკოს” მწვრთნელი სხვა პასუხს გაგცემდით, მაგრამ ახლა, როდესაც “დორტმუნდს” ვწვრთნი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გუნდი პირველივე წუთიდან შეუტევს. უნდა დავივიწყოთ პირველი თამაში, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი შეხვედრის მოგებაა. უნდა შევქმნათ მომენტები და გავიტანოთ გოლები. ვფიქრობ, ამის გაკეთება შეგვიძლია, რადგან კარგი პერიოდი გვაქვს.
არ შემიძლია გითხრათ თუ ვინ შეცვლის მარკო როისს. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია, რადგან კარგ შესანიშნავ ფორმაში იყო”.
რუი ვიტორია (“ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი): “ორივე გუნდი ერთმანეთს უკვე კარგად იცნობს და ამიტომ ეს იმოქმედებს ტაქტიკურ-სტრატეგიულ თამაშზე. ჩვენ პირველი თამაში მოვიგეთ 1:0 და ცვლილებების მიზეზს ვერ ვხედავ. მეტიც, ვფიქრობ, რამდენიმე კომპონენტში ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ.
ვიცით, რას ნიშნავს სტუმრად გატანილი გოლი – “დორტმუნდი” შემტევი გუნდია, რომელიც როგანიზებულად თამაშობს თავდასხმაში. გერმანელებს ჩვენი დამარცხება სურთ, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ”.
სავარაუდო შემადგენლობები:
დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”
8 მარტი, 23:45 საათი
“დორტმუნდი” (3-5-2): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა; დურმი, დემბელე, ვეიგლი, გუერეირო, შმელცერი; ობამეიანგი, შურლე
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; ნელსონ სემედო, ლუიზაო, ლინდელოფი, ელიზეუ; სამარისი, პიცი, სალვიო, ჟივკოვიჩი; ჟონასი, მიტროღლუ
მწვრთნელი: რუი ვიტორია
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
ურთიერთშეხვედრები
წლევანდელ სეზონამდე ეს გუნდები ერთმანეთს ორადორჯერ შეხვედრილან და ისიც შორეულ, 1963-1964 წლების სეზონში. პორტუგალიაში მასპინძლებმა ანტინიო სიმოეშისა და ეუსებიოს გოლებით 2:1 მოიგეს (გერმანელთაგან რეინოლდ ვოსაბმა შეაგდო), ხოლო ალემანიაში მასპინძელმა გუნდამ მეტოქე 5:0 გაანადგურა – გოლები: ფრანც ბრუნგსი (ჰეთ-თრიქი), ფრეიდელმ კონიეცკა და რეინოლდ ვოსაბი.
სტატისტიკა
“დორტმუნდი”
1997 წლის ჩემპიონი “დორტმუნდი” შეეცდება მესამედ გავიდეს მეოთხედფინალში მიმდინარე ათწლეულში.
შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული “ბორუსიამ” ევროტურნირებზე სახლში 11 თამაში ჩაატარა და ჩინებული სტატისტიკა გააჩნია – 8 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
“დორტმუნდს” პორტუგალიურ გუნდებთან შინ ხუთიდან ხუთი თამაში აქვს მოგებული. მათ შორის, შარშან, ევროპა ლიგის მერვედფინალში “პორტუსთან” (2:0) ლუკას პიშჩეკისა და მარკო როისის გოლებით.
მიმდინარე სეზონში კი, ჯგუფურ ეტაპზე ტომას ტუხელის შეგირდებმა კიდევ ერთ პორტუგალიურ გუნდს აჯობეს – “სპორტინგს”. შინ 1:0 და სტუმრად – 2:1.
“დორტმუნდი” პენალტების სერიაში – 2 მოგება, 2 წაგება:
2008-2009 – უეფას თასი, პირველი ეტაპი, “უდინეზე”, 3:4.
2003-2004 – ჩემპიონთა ლიგა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, “ბრიუგე”, 2:4.
1999-2000 – უეფას თასი, მესამე ეტაპი, “რეინჯერსი”, 3:1.
1992-1993 – უეფას თასი, ნახევარფინალი, “ოსერი”, 6:5.
“ბენფიკა”
“ბენფიკას” შანსი მეოთხედფინალში მესამედ გავიდეს ბოლო ექვს სეზონში. შარშან ლუზიტანელებმა ამავე ეტაპზე “ზენიტს” აჯობეს (1:0, 2:1), ხოლო მეოთხედფინალში “ბაიერნთან” წააგეს ორი მატჩის ჯამში 2:3.
ჯგუფურ ეტაპზე “ბენფიკამ” ყველაზე ცოტა, 8 ქულა დააგროვა იმ გუნდთაგან, რომლებიც მერვედფინალში გავიდნენ.
ჯგუფურ ეტაპზე “არწივებმა” სტურმად არასტაბილურად ითამაშეს – ჯერ წააგეს “ნაპოლისთან” 2:4, შემდგომ მოუგეს კიევის “დინამოს” 2:0 და ბოლოს “ბეშიქთაშთან” ფრეს დასჯერდნენ – 3:3.
გერმანიაში კი, “ბენფიკა” აქამდე შემდეგნაირად თამაშობდა: 2 მოგება, 6 ფრე, 14 წაგება. პირველად გერმანული გუნდი მისსავე მოედანზე ლისაბონელებმა 2010-2011 წლების სეზონში დაამარცხეს – “შტუტგარტი” 2:0, ევროპა ლიგის 1/16 ფინალში.
“ბენფიკა” პენალტების სერიაში – 1 მოგება, 2 წაგება:
1987-1988 – ჩემპიონთა თასი, ფინალი, პსვ ეინდჰოვენი, 5:6.
1999-2000 – უეფას თასი, მეორე ეტაპი, პაოკ, 4:1.
2013-2014 – ევროპა ლიგა, ფინალი, “სევილია”, 2:4.
გზაჯვარედინი – მწვრთნელები და ფეხბურთელები
“ბენფიკას” მცველ ელიზეუს “დორტმუნდის” კარში გოლი აქვს გატანილი. როდესაც პორტუგალიელი “მალაგაში” თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალში “სიგნალ იდუნა პარკზე” ესპანელები 2:1 დააწინაურა. თუმცა, “ბორუსიამ” მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში მეტოქეს ორი გოლი გაუტანა და ნახევარფინალში გავიდა.
იგივე ელიზეუმ ევრო 2016ის მეოთხედფინალში პოლონელი ლუკაშ პიშჩეკი დაამარცხა.
ანდრე შურლეს ჟულიო სეზარის კარში დუბლი აქვს შესრულებული – 2014 წლის მუნდიალზე გერმანია ბრაზილიის მატჩში. იმავე თამაშში მონაწილეობა მარიო გიოტცემაც მიიღო.
იმავე შურლეს “ბენფიკას” კარშიც გაუტანია – 2013 წელს “ლევერკუზენის” მაისურით. იმავე შეხვედრაში ითამაშა გონსალო კასტრომ, ხოლო ლისაბოლენთა მხრიდან მოედანზე იყვნენ ლუიზაო, ანდრე ალმეიდა, ჟარდელი და ედუარდო სალვიო.
გონსალო კასტრომ “ლევერკუზენისა” და “ბენფიკას” (0:0) მატჩშიც ითამაშა 2014-2015 წლების სეზონში.
ჟონასმა “ვალენსიას” რიგებში “ლევერკუზენს” მოუგო (1:2, 3:1) 2011-2012 წლების სეზონში. იმ “ბაიერის” ღირსებას გონსალო კასტრო და ანდრე შურლე იცავდნენ.
სებასტიან როდე თადარიგში იყო შარშან, “ბაიერნისა” და “ბენფიკას” მატჩის დროს.
ლიუბომირ ფეისას “ოლიმპიაკოსის” რიგებში “დორტმუნდთან” 2011-2012 წლების სეზონში აქვს წაგებული (0:1).
კოსტას მიტროღლუს გერმანიის მოქალაქეობაც აქვს და თავის დროზე “დუისბურგისა” და “გლადბახის” აკადემიაში აქვს ნათამაშები.
რაფა სილვამ და რაფაელ გეურეირომ მატიას გინტერის გერმანიის 21-წლამდე ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში 5:0 გაიმარჯვეს.
ერთად უთამაშიათ
კოსტას მიტროღლუ, სოკრატის პაპასტატოპულოსი და ანდრეას სამარისი (საბერძნეთის ნაკრები).
ელიზეუ, გონსალო გუედეში, რაფა სილვა და რაფაელ გუერეირო (პორტუგალიის ნაკრები).