ფეხბურთი

2:00 | 7.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სევილიამ” ძვირფასი ქულები დაკარგა

ლა ლიგის 26-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ესტადიო მენდიზოროცაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ალავესი” ჩემპიონობისთვის მებრძოლ “სევილიას” დაუხვდა და ძალიან მნიშვნელოვანი 2 ქულა დააკარგვინა.

“სევილია” პირველი ნახევარი კარგად ჩაატარა და ვისამ ბენ იედერის გოლით მოიგო კიდეც - ფრანგმა ფორვარდმა 23-ე წუთზე პაბლო სარაბიას მშვენიერი გადაცემა გამოიყენა და პაჩეკოს შანსი არ დაუტოვა.

მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული გამოდგა. “ალავესი” უპირატესობას ფლობდა და აშკარად მეტოქეზე კარგად გამოიყურებოდა, რამაც შედეგი 75-ე წუთზე გამოიღო: ცვლილებაზე შემოსულმა კატაიმ სერხიო რიკოს შეცდომით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა და მოგება ორივე გუნდს შეეძლო: სტუმართაგან ვისენტე იბორას ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, რომელსაც მიზანმა უმტყუნა და პაჩეკოს კარს ბურთი ზემოდან გადააცილა, ხოლო მასპინძელთაგან მეორე ბურთის გატანა დეივერსონს შეეძლო, მაგრამ სერხიო რიკომ საკუთარი შეცდომა გამოასწორა და ბრაზილიელს არ გაატანინა – 1:1.

“სევილია” 56 ქულით მე-3 ადგილზეა და “რეალს” სამი (ერთი მატჩი თადარიგში აქვთ მადრიდელებს), ხოლო “ბარსელონას” ოთხი ქულით ჩამორჩება. “ალავესი” კი, 34 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.

ალავესი – სევილია 1:1 (0:1)

ალავესი, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ფედალი, ლაგუარდია, კიკო, ტ.ერნანდესი, მ.გარსია, მ.ლორენტე, ტოკერო (რომერო 65), კამარასა (კრსტიჩიჩი 89), იბაი (კატაი 65), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, პარეხა, ლენგლეტი, ესკუდერო, მერკადო (ხ.კორეა 83), კრანევიტერი, ნ’ზონზი, იბორა, სარაბია, ვიტოლო (მარიანო 74), ბენ იედერი (იოვეტიჩი 85).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 0:1 ბენ იედერი (23), 1:1 კატაი (75)
გაფრთხილებები: ტოკერო, ტ.ერნანდესი – ლენგლეტი, კრანევიტერი, იბორა, ვიტოლო, მარიანო
მსაჯი: ტრახილიო სუარესი

თეგებილა ლიგა
0.160779