სხვა

20:50 | 2.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: „ოლიმპიური თამაშების ორგანიზებამ უნდა წაახალისოს ოლიმპიზმის ფუნდამენტური ფასეულობების დამკვიდრება"

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ორგნიზაცია „სპორტი და უფლებების ალიანსის" (SRA) დირექციათან კონსულტაციის შემდეგ მიიღო მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ოლიმპიური თამაშების მასპინძლის შერჩევისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში, რომელიც აპლიკანტ ქალაქს წარმოადგენს.

პირველად ხდება, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აპელირებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დეკლარირებულ ადამიანის უფლებების ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე სწორედ თამაშების მასპინძელი ქალაქის შერჩევის პროცესში. კონტრაქტის ახალი პირობები ასევე ითვალისწინებს ოლიმპიური თამაშების ორგანიზებასთან დაკავშირებული შესაძლო კორუფციისა და თაღლითობის პრევენციას.

სოკ-ი აცხადებს, რომ ახალი კონტრაქტის თანახმად, ოლიმპიური თამაშების მასპინძელი მხარე ვალდებული იქნება „პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები საერთაშორისო შეთანხმებებისა და ქვეყანაში მოქმედი კანონების შესაბამისად."

სოკ-ის ამ გადაწყვეტილებას კმაყოფილებით შეხვდნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. „ჰუმან რაითს ვოჩის" გლობალური ინიციატივების დეპარტამენტის დირექტორი მინკი უორდენი აცხადებს, რომ „ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მინიჭება უნდა გულისხმობდეს პასუხისმგებლობის აღებას ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე," პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი შარან ბაროუ კი ხაზს უსვამს სოკ-ის ამ ნაბიჯის მნიშვნელობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დასაცავად: „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივა სამაგალითო უნდა გახდეს სხვა გლობალური შეჯიბრებების ორგანიზატორებისთვის, რაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ამ შეჯიბრებების მომავალი მასპინძელი ქვეყნებისთვის."

სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის შეფასებით, „ამ პრინციპებზე დაყრდნობით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ თამაშების მიმღებ მხარესთან დადებული კონტრაქტის მეშვეობით ხელი შეუწყოს ადამიანების უფლებების დაცვას და კორუფციასთან ბრძოლას. ოლიმპიური თამაშების ორგანიზებამ უნდა წაახალისოს ოლიმპიზმის ფუნდამენტური ფასეულობების დამკვიდრება."

geonoc.org.ge

0.131159