Facebook-ზე გაჩნდა ქართული ფეხბურთის გვერდი პოლონურ ენაზე: Co w gruzińskim futbolu piszczy? ასე ჰქვია გვერდს და ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე საკმაოდ ოპერატიულად იწერება. მეტწილად ეს ჩვენს კლუბებს შეეხება და მათ შორის, არა მხოლოდ უმაღლესლიგელებს, არამედ რანგით მეოთხე და მეხუთე ლიგის კლუბებსაც კი...
დავინტერესდით, ვინ შექმნა ეს გვერდი, საიდან ქართული ფეხბურთის ასეთი სიყვარული და ცოდნა. ჩვენი კლუბების Facebook-გვერდებიდან მიაქვს ინფორმაციები.
ეს პიროვნება მარჩინ ფასტინი გახლავთ, ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ხშირად ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ენაც იცის. მარჩინ ფასტინი პოლონეთში ცხოვრობს და ერთმანეთს შევეხმიანეთ.
"ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და მიყვარს სტატისტიკა. ერთ დროს ჩემს საყვარელ გუნდში, ლოძის "ვიძევში" ვმუშაობდი. და თანაც რამდენიმე ქვეყნის განხრით სკაუტად, მათ შორის, საქართველოშიც. ანუ, თვალს ვადევნებდი საქართველოს ჩემპიონატს, ფეხბურთელების შესაძლებლობებს ვეცნობოდი და "ვიძევს" ვთავაზობდი ვარიანტებს, თუ ვისი შეძენა ღირდა. ერთ-ერთი იმათგანი ვარ, რომელმაც დადებითად დაახასიათა ნიკა ძალამიძე. ნიკა "ვიძევში" რომ მივიდა, გემახსოვრებათ, თავიდანვე ბრწყინვალედ ათამაშდა. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი პოლონეთში ქართველი ფეხბურთელების გასინჯვაზე მოყვანისა: ესენი იყვნენ მერაბ გიგაური, ლაშა შინდაგორიძე და ნიკა აფაქიძე".
მარჩინ ფესტინი პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობს, ფეხბურთში კი Football manager-ის განხრით საქმიანობს 9 ქვეყნის მასშტაბით: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და თურქემენეთში.
"უფრო გასაგებად რომ ვთქვა, Football manager-ში ერთ-ერთი მთავარი "რესერჩერი" ვარ, ვაგროვებ ყველანაირ ინფორმაციას ხსნებული 9 ქვეყნიდან: გუნდებზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რთული საქმეა, ბევრ სამუშაოს მოიცავს".
კიდევ ბევრი ვისაუბრეთ და მარჩინ ფასტინმა მართლაც ბევრი ნიუანსი იცოდა. მაგალითად ის, რომ "ლოკომოტივი" და 'საბურთალო" მომავალი თაობის აღზრდაზე არიან აქცენტირებულნი, ანუ ჭაბუკებში უფრო წარმატებული გუნდები ჰყავთო. ნიჭიერი ფეხბურთელების გვარებიც იცოდა.
საწყენია, საქართველოს ნაკრები თავის შესაძლებლოებს ვერა და ვერ იყენებსო. პოლონეთს მართლაც ძლიერი ნაკრები ჰყავს და ძალიან მინდა, რომ საქართველოც ასეთი იყოს, თუმცა ვერ ხერხდებაო...
"ვიცი, რომ თქვენ ქვეყანას ადრე უფრო ძლიერი ფეხბურთელები ჰყავდა, ახლა კი ისეთი თაობა ვეღარ არის. თუმცა იმედია, ჩემპიონატი გაძლიერდება, ფედერაციის მიერ შემუშავებული რეფორმები გაამართლებს და ტალანტებიც მეტნი წამოვლენ"...