“ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინიესტა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში პსჟ-სთან განცდილი მწარე მარცხის (0:4) შემდეგ თანაგუნდელების გამხნევებას ცდილობს, მათ მოუწოდებს სულით არ დაეცნენ და სჯეროდეთ, რომ მდგომარეობის გამოსწორება შეუძლიათ.
“გჯეროდეთ, ყოველთვის გჯეროდეთ!” - წერს სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ინიესტა.
ცხადია, პარიზში დიდი ანგარიშით წაგებამ გუნდში სიტუაცია დაამძიმა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებით ფეხბურთელთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა და ისიც ითქვა, კლუბის ხელმძღვანელობა ენრიკეს შემცვლელს აქტიურად ეძებსო.
ლუის ენრიკე, რომელსაც “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, პოსტს ალბათ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ 8 მარტს, “კამპ ნოუზე”, პარიზელებთან საპასუხო მატჩში მისი გუნდი სასწაულს მოახდენს და ოთხბურთიან ჩამორჩენას აღმოფხვრის.