ფეხბურთი

10:29 | 17.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: “მიმდინარე სეზონში მიზანი მინიმუმ 13 გოლის გატანაა”

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ვენის “რაპიდს” ნაბიჯ-ნაბიჯ გაუშინაურდა. თუ თავიდან, მას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირდა, ახლა ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს. სათამაშო პრაქტიკის მიღებასთან ერთად კი, 23 წლის ქართველმა ფორვარდმა გოლების გატანაც დაიწყო.

ამ დროისთვის ქვილითაიას ანგარიშზე ავსტრიულ გუნდში 6 გოლია – 4 ბუნდესლიგაში, ერთი ავსტრიის თასზე და ერთიც ევროპა ლიგაზე.

გიორგისთან “რაპიდის” ოფიციალურმა ვებგვერდმა ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ძირითად გუნდში მიმდინარე პროცესებსა და ადაპტაციის პერიოდზე გაესაუბრა.

- გილოცავთ დერბიში გატანილ გოლს. რა ემოცია დაგეუფლათ, როდესაც თავური დარტყმის მერე ბურთი კარში აღმოჩნდა?

- ძალიან ბედნიერი ვიყავი. დიდი ხანია ვიცოდი, რომ დერბი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. მათ შორის, საქართველოში ყოფნის დროსაც. “რაპიდი” – “აუსტრიას” მატჩში პირველად ვითამაშე და გვინდოდა გამარჯვება, რომელიც სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა.

- ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, ბოლო კვირებში უკეთ ათამაშდით და გუნდს მუდმივად ნაყოფიერად ეხმარებით. გოლებიც გაიტანეთ, ჯერ “შტურმის”, მერე “რიდის” (დუბლი) და ახლა “აუსტრიას” კარში. შეგიძლიათ უფრო მეტი?

- დიახ, რა თქმა უნდა. ყველა ფეხბურთელისთვის რთულია უცხო ქვეყანაში პირველი დღეები – ახალი ქვეყანა, ახალი ქალაქი, ახალი გუნდი. ამიტომაც, დრო საჭიროა. თუმცა, როგორც თქვით, ახლა უკეთესად ვთამაშობ. და, იმედია, ასევე გავაგრძელებ (იღიმის).

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს, როგორც თავდამსხმელს – უფრო კომბინაციური ფეხბურთის ფორვარდი თუ საჯარიმოს?

- მგონია, რომ უკეთესად საჯარიმოში ყოფნის დროს ვთამაშობ. ამ პოზიციაზე თბილისის “დინამოში” გამოვდიოდი. “რაპიდში” რაც გადმოვედი ჯამში 6 გოლი გავიტანე და მიმდინარე სეზონში მიზანი მაქვს, მინიმუმ 13 გოლი შევაგდო. ეს ჩემი საყვარელი ნომერია. “დიორში” 13 ნომრიანი მაისური მეცვა.

- თითქოს “რაპიდში” დიდი ხანია თამაშობთ. რა დაგეხმარათ ამაში, ის, რომ გუნდი ძალიან ახალგაზრდულია?

- შესაძლოა, მაგრამ მხოლოდ ეს არაა მიზეზი. გუნდში ძალიან თბილად მიმიღეს. ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- სატურნირო ცხრილში “რაპიდი” მაღალ პოზიციაზე არაა და ჩამორჩენაც დიდია. როგორ ფიქრობთ, შეუძლია გუნდს ზედა ნაწილში გადაინაცვლოს?

- სანამ შანსი არსებობს, ეს რეალურია. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, მაგრამ წინ ბევრი თამაშია. არჩევანის გაკეთება ჩემპიონატსა და თასს შორის არმგონია სწორი იყოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ სატურნირო ცხრილში ახლა უკან ვართ. ჯერ კიდევ ბევრი ქულაა გასათამაშებელი. ასე რომ, ორივე ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია.

0.113088