ლისაბონის “ბენფიკამ” დორტმუნდის “ბორუსიას” საკუთარ მოედანზე სძლია და თან ისე, რომ კარი მშრალად შეინახა. ამას კი, საპლეი-ოფო სტადიაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ვინც ეს თამაში ნახა, უდაოდ გაახსენდებოდა პორტუგალიის ნაკრები და ევრო 2016 – რუი ვიტორიას “ბენფიკამაც” დაახლოებით ასეთ სტილში ითამაშა, დაცვაში ჩაჯდა და შეტევები დაივიწყა – საკუთარ შანსი მაქსიმალურად გამოიყენა და გაიმარჯვა.
ერთადერთი გოლი ლისაბონელთა კუთხურს მოჰყვა: პიციმ ჩააწოდა, ლუიზაომ (რომელიც მე-500 მატჩს ატარებდა “ბენფიკას” რიგებში) საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო კოსტას მიტროღლუმ დიდებულად ითამაშა, ისე, როგორც ნამდვილ ფორვარდს შეშვენის და შესაშური საგოლე ალღო გამოავლინა – ცარიელ კარში კი, ადვილად გაიტანა. “ბორუსიას” გოლამდეც შეეძლო გატანა და გოლის მერეც. ყველაზე რეალური შანსი ტომას ტუხელის გუნდმა 58-ე წუთზე მიიღო, როდესაც ნიკოლა რიცოლიმ მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, თუმცა რად გინდა – პიერ-ემერიკ ობამეიანგმა საშინლად დაარტყა: პირდაპირ შუაში და ედერსონი არც გადამხტარა ისე მოიგერია თერთმეტრიანი.
აღსანიშნავია, რომ გაბონელმა ბოლო პენალტიდან მესამედ ვერ მოახერხა გოლის გატანა. ტუხელმა კი, აფრიკელი მალევე შეცვალა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. საბოლოოდ, დიდი უპირატესობის მიუხედავად “ყვითლებმა” გოლი ვერაფრით გაიტანეს და ახლა ყველაფერი “სიგნალ იდუნა პარკზე” გადაწყდება. და მაინც, მიუხედავად მარცხისა, “დორტმუნდის” შანსი უფრო ძვირად ფასობს.
“ბენფიკა” – “დორტმუნდი” 1:0 (0:0) VIDEO
ლისაბონი, “და ლუჟი”
მაყურებელი: 55 124
“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; სემედო, ლუიზაო, ლინდელოფი, ელიზეუ; სალვიო, პიცი, კარილო (აუგუსტო 46); რაფა სილვა (ჩერვი 67), მიტროღლუ (ხიმენესი 75)
მწვრთნელი: რუი ვიტორია
“დორტმუნდი” (5-3-2): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, შმელცერი, დურმი; დემბელე, ვეიგლი, გუერეირო (კასტრო 82); როისი (პულიშიჩი 82), ობამეიანგი (შურლე 62)
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
გოლები: 1:0 მიტროღლუ (49)
გაფრთხილება: ფეისა (63) – შმელცერი (74), პულიშიჩი (85)
გამოუყენებელი პენალტი: ობამეიანგი (58)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 2 (1) – 11 (4) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 3:10 თამაშგარე: 2:8
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)