შურისძიებაც არის და შურისძიებაც – “პარი სენ ჟერმენმა” “ბარსელონაზე” დაგროვილი ჯავრი ერთიანად ამოანთხია და “პარკ დე პრენსზე” სრული კოშმარი მოუწყო – 4:0.
ეს, საბოლოო შედეგია პირველი მერვედფინალური მატჩისა, რომელსაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტია, რომ დაფიქსირებული ანგარიში სრულად ასახავდა იმას, რაც პარიზში 90 წუთი ხდებოდა. მეტიც, შეიძლებოდა სხვაობა გაცილებით სოლიდური ყოფილიყო და არც ისე იქნებოდა ალოგიკური.
უნაი ემერიმ ლუის ენრიკე აშკარად დაჯაბნა და პირველი დუელის შემდეგ ძალიან კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. მართალია, საქმე “ბარსელონასთან” გვაქვს, მაგრამ ძნელად წარმოსადგენია “კამპ ნოუზე” ისეთი რამ მოხდეს, რომ “ბარსა” შემდეგ ეტაპზე გავიდეს. და თუ ისე მოხდა, რომ კატალონელები მომდევნო სტადიაზე ვერ გავა, მაშინ პირველად მოხდება, რომ მეოთხედფინალში “ბარსელონა” არ იქნება წარმოდგენილი 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ. თუმცა იქამდე ჯერ კიდევ სამი კვირაა, ახლა კი, დღევანდელ მატჩზე ვთქვათ:
ემერიმ პირველად გაამწესა ძირითად შემადგენლობაში ანხელ დი მარია და იულიან დრაქსლერი ერთად და ალბათ, ამიერიდან გასაკვირი არ იქნება თუ მათ დუეტს არ დაშლის. დი მარიამ ორი ულამაზესი გოლი გაიტანა, დრაქსლერმა ერთი. წერტილი ედინსონ კავანიმ დასვა, ჩვეულ სტილში გატანილი მოხდენილი გოლით. აღსანიშნავია, რომ დი მარია გახდა პირველი ფეხბურთელი 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” კარში ორი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან. გარდა ამისა, პირველი არგენტინელი, რომელმაც იმავე “ბარსას” დუბლი შეუსრულა 1999 წლის შემდეგ – მაშინ “ფიორენტინას” თავდამსხმელმა აბელ ბალბომ იხეირა ორჯერ.
აქვე გეტყვით, რომ “ბლაუგრანამ” ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში 4 გოლი 2013 წლის შემდგომ პირველად გაუშვა. ხოლო, პსჟ გახდა მეექვსე გუნდი “მილანის”, კიევის “დინამოს”, “ვალენსიას”, “ჩელსისა” და “ბაიერნის” შემდეგ, რომელმაც ერთ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე ოთხჯერ დალაშქრა კატალონური გრანდის კარი. მოკლედ, “ბარსელონამ” ხომ პირადი ანტირეკორდები ამყარა და მეტოქესაც მისცა ისტორიაში შესასვლელი მიღწევების დაფიქსირების საშუალება.
მთლიანად უფერული იყო ლიონელ მესი – არგენტინელი 90 წუთის განმავლობაში მეტოქის საჯარიმოში ბურთს ერთხელაც არ შეხებია. თუმცა, მხოლოდ მესი არ ყოფილა ჩაკარგული “პარკ დე პრენსის” მინდორზე – მთლიანად “ბარსელონა” იყო გამქრალი საფრანგეთის დედაქალაქიდან, თითქოს იქ, არც ჩასულა.
პსჟ-ს მხრიდან კი, ყველამ დიდებულად ითამაშა და უნაი ემერის დავალებები ყველამ ზედმიწევნით შეასრულა. ცალკე აღნიშნვის ღირსია მარკო ვერატის ფენომენალური თამაში, რომელიც მოედნის ცენტრს ისე ბატონობდა, გეგონებოდა, მინდორზე სრულიად მარტო იყო – იტალიელმა მეორე გოლის დროს საგოლე პასიც მიითვალა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პარიზელებმა მეტოქის კარის ჩარჩოში 10-ჯერ დაარტყეს და თავისუფლად შეეძლოთ უფრო დიდი სხვაობით მოეგოთ. "ბარსამ" კი, საპასუხოდ ორი რეალური მომენტი შექმნა: პირველ ტაიმში ანდრე გომეშმა ვერ აჯობა ხელსაყრელ სიტუაციაში კევინ ტრაპს (სხვათა შორის, ეს იყო სტუმართა ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარის ჩარჩოში მთელი თამაშის განმავლობაში), ხოლო მატჩის მიწურულს სამუელ უმტიტიმ ბურთი ძელს მოარტყა ახლო მანძილიდან - ეგ იყო და ეგ.
მოკლედ, პსჟ-მ ფანტასტიკური ფეხბურთი ითამაშა და მეოთხედფინალს ძალიან, ძალიან მიუახლოვდა – “ბარსელონას” აქტივში კი, 90 წუთი და მინუს ოთხი გოლია. ვნახოთ, შეძლებს თუ არა, ლუის ენრიკე და მისი გუნდი სასწაულის მოხდენას, დიდი სასწაულის...
“პარი სენ ჟერმენი” – “ბარსელონა” 4:0 (2:0) VIDEO
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
მაყურებელი: 45 000
“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; მუნიე, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა; ვერატი (ნკუნკუ 70), რაბიო, მატუიდი; დი მარია (ლუკასი 61), კავანი, დრაქსლერი (პასტორე 86)
მწვრთნელი: უნაი ემერი
“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; ანდრე გომეში (რაფინია 58), ბუსკეტსი, ინიესტა (რაკიტიჩი 73); მესი, სუარესი, ნეიმარი
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 1:0 დი მარია (18), 2:0 დრაქსლერი (40), 3:0 დი მარია (55), 4:0 კავანი (72)
გაფრთხილება: რაბიო (3) – ანდრე გომეში (33), ბუსკეტსი (62), რაფინია (74)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (10) – 5 (1) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 0:3
მსაჯი: სჟიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)