ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XX ტურში მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა გიორგი შერმადინმა. “მორაბანკ ანდორასა” და საქართველოს ნაკრების ცენტრმა “სასკი ბასკონიას” 25 ქულა ჩაუგდო. ამისათვის გიორგის სულ რაღაც 25:22 წუთი დასჭირდა. გარდა ამისა, მან საკუთარ გუნდს 8 მოხსნა შესძინა. როგორც ხედავთ, ორმაგ დუბლამდე შერმადინს ორადორი მოხსნა დააკლდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 31 გაუტოლდა, რაც შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა. გიორგიმ 12-დან 8 ორქულიანი ისროლა ზუსტად, საჯარიმოებში კი, 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა: ცხრიდან ცხრა.
ქართველი ცენტრის გადასარევი თამაშის მიუხედავად კი, “ანდორამ” საკუთარ კედლებში დასანანი მარცხი იწვნია თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” – 82:91.
შენგელიას მოგეხსენებათ ტრავმა აქვს და არ უთამაშია. სამაგიეროდ, “ანდორას” შემადგენლობაში ითამაშა ბექა ბურჯანაძემ – ჩვენებურმა პარკეტზე 22:20 წუთი გაატარა და აღნიშნულ დროში 11 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ბექამ 5-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო გაცილებით უკეთ ისროლა სამქულიანები – 3/5. საჯარიმო ხაზზე კი იგი არ დამდგარა.
ლიგა ენდესაში 20 ტურის შემდეგ შენგელიას “ბასკონია” მეხუთე, ხოლო ბურჯანაძისა და შერმადინის “ანდორა” მერვე ადგილზე იმყოფებიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. როგორც ჩანს, ქართველი თებერვალშიც არ აპირებს ნაკლებად გარჯას...