ჭადრაკი

22:39 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიბრალტარი ნაკამურასთვის იღბლიანია

დასრულდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელსაც გიბრალტარი მასპინძლობდა. ფინიშის ხაზი ერთდროულად სამმა მოჭადრაკემ დავიდ ანტონ გიხარომ (ესპანეთი), ჰიკარუ ნაკამურამ (აშშ) და იუ იანმა (ჩინეთი) გადაკვეთეს, რომლებმაც 10 შესაძლებლიდან 8-8 ქულა დააგროვეს.

ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნა ტაი-ბრეიკი. რადგან გიხარო ბოლო ტურებში ერთპიროვნული ლიდერი იყო, იგი პირდაპირ დაუშვეს ტაიბრეიკის ფინალში. ნაკამურამ ნახევარფინალში ჯერ იანს მოუგო, შემდეგ გიხარო დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.

ქალთა შორის საუკეთესო ჟუ ვენჟუნი ( ჩინეთი) იყო.

შეიძლება ითქვას, რომ გიბრალტარი ნაკამურასათვის იღბლიანი ადგილია, რადგან მან აქ ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა, ეს ტურნირი კი სულ 4-ჯერ აქვს მოგებული.

გიბრალტარში სხვებთან ერთად ქართველი მოჭადრაკეები, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილიც მონაწილეობდნენ. ბოლო ტურში ბაციაშვილმა შაჩარ ეხუდი (ისრაელი), ხოლო ხოტენაშვილმა ემილიო მიგელ სანჩესი (ესპანეთი) დაამარცხა, ჯავახიშვილი კი სერგეი გრიგორიანცთან (რუსეთი) ყაიმს დასჯერდა.

სამივე მოჭადრაკემ 6-6 ქულა დააგროვა. კოეფიციენტების მიხედვით ჯავახიშვილმა 57-ე, ბაციაშვილმა 58-ე, ხოლო ხოტენაშვილმა 66-ე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში 250-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 10 ტურად ჩატარდა.

ტურნირის ბოლოს მომხდარმა ერთმა ფაქტმა დიდი ყურადღება მიიქცია. ქალთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჰოუ იფანი ( ჩინეთი) უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ მეტოქეთა შერჩევა კომპიუტერით ხდებოდა. პროტესტის ნიშნად მეათე ტურის შეხვედრაზე მან 25 წუთით დააგვიანა, შემდეგ 5 უსუსტესი სვლა გააკეთა და პარტიის დათმობის ნიშნად საათი გააჩერა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა რეაქცია ექნება ამ ფაქტზე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას.

0.148741