თბილისმა და კერძოდ, “დინამო არენამ” 2019 წელს, შესაძლოა უეფას ევროპა ლიგის ფინალს უმასპინძლოს. როგორც ცნობილი გახდა, ხსენებული სეზონის უეფას რანგით მეორე ტურნირის მასპინძლობის სურვილს საქართველოც გამოთქვამს. თუმცა, არიან სხვა კანდიდატებიც: სევილია (“სანჩეს პისხუანი”), გლაზგო (“ჰემპდენ პარკი”). ფრანკფურტი (“ფრანკფურტ შტადიონი”), შტუტგარტი (“არენა შტუტგარტი”), ბაქო (ოლიმპიური სტადიონი) და სტამბული (“ვოდაფონ არენა”).
უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი ჩატარდება თუ არა, ევროპა ლიგის ფინალი თბილისში. თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ “დინამო არენამ” 2015 წელს ევროპის სუპერთასს უმასპინძლა და ძალიან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. სწორედ საქართველოს დედაქალაქში დამყარდა ევროპის სუპერთასის რეკორდი მაყურებელთა დასწრების მხრივ.
აქვე გეტყვით ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის მასპინძელი ქალაქების კანდიდატებს იმავე, 2018-2019 წლების სეზონისთვის.
ჩემპიონთა ლიგა ხსენებულ წელს ან მადრიდში გაიმართება “ატლეტიკოს” ახალ სტადიონზე, “ესტადიო მეტროპოლიტანოზე”, ანაც ბაქოში, ოლიმპიურ სტადიონზე”. სხვათა შორის, ბაქოს განაცხადი ევროპა ლიგაზეც აქვს შეტანილი.
რაც შეეხება 2019 წლის ევროპის სუპერთასის მასპინძელს: ასტანა, ტირანა, ჰაიფა, კაუნასი, გდანსკი, ტულუზა, ბუდაპეშტი, ბელფასტი, ვარშავა, გლაზგო და სტამბული.