კალათბურთი

18:22 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„არენას“ ალექსისმა მოაგებინა

საკალათბურთო ა ლიგის დღევანდელი ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს „არენა-76“ და „წყალტუბო“ შეხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი პირველ გამარჯვებას იზეიმებდა, რადგან ჩემპიონატი ორივემ წაგებით დაიწყო. უაღრესად დაძაბული მატჩის ბედი ძირითადი დროის დამთავრებამდე 4 წამით ადრე გადაწყდა, როცა „არენას“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა პიტერ ალექსისმა მეტოქის კალათში გამარჯვების მომტანი ორქულიანი მოათავსა. 88:86 გაიმარჯვა „არენა-76“-მა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველი მეოთხედის ნახევარმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. მეორე ნახევარში სტუმრები გააქტიურდნენ და პირველი მეოთხედი 6 ქულის სხვაობით 20:14 მოიგეს. მეორე მეოთხედში იყო მომენტი, როცა სტუმრები 16 ქულის სხვაობითაც კი ლიდერობდნენ 36:20. მიუხედავად ამისა, მეორე და მესამე მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა და მეოთხე გადამწყვეტი მეოთხედის წინ „წყალტუბო“ ისევ 6-ქულიან უპირატესობას ფლობდა.

მატჩის ბედი მეოთხე დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. „არენას“ დასაკარგი არაფერი ჰქონდა და მეტოქეს მთელი ძალებით შეუტია. მათმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და მეოთხე წუთის ბოლოს ანგარიში გაათანაბრეს 69:69. დარჩენილმა დრომ გარადამავალი უპირატესობით ჩაიარა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო 86:86. თითქოს მატჩი ოვერტაიმში უნდა გადასულიყო, მაგრამ ალექსისმა გაიბრწყინა და თანაგუნდელებს მოაგებინა.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 37 ქულა „არენას“ უკანახაზელმა როდმერიუს ლუისმა დააგროვა. ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ ტატო ჩაჩიბაია და პიტერ ალექსისი, რომლებმაც შესაბამისად 11 ქულა და 12 მოხსნა, 13 ქულა და 10 მოხსნა დააგროვეს. სტუმართა შორის 27 ქულით ყველაზე შედეგიანი ტრავანტე უილიამსი იყო.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „ტიტები“ და სეუ ხვდებიან.

„არენა-76“ – „წყალტუბო“ 88:86

(14:20, 22:23, 17:16, 35:27)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114065