ფეხბურთი

17:07 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: “დანია წინსვლისთვის და განვითარებისთვის კარგი ტრამპლინია”

საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე უკვე დანიური “ესბიერგის” ფეხბურთელია. 22 წლის ფორვარდს WORLDSPORT.GE დაუკავშირდა – ბუდუ ახალი გუნდისა და თავისი არჩევანის შესახებ გვესაუბრა.

“ესბიერგი” პირველ რიგში იმიტომ ავირჩიე, რომ დანიის სუპერლიგა ძალიან კარგი ჩემპიონატია. რა თქმა უნდა, განვითარებისთვის და წინსვლისთვის კარგი ტრამპლინია. ასევე დიდი როლი ითამაშა იმან, რომ აქ ქართველი ფეხბურთელი მხვდებოდა – ეს ძალიან დამეხმარება გუნდთან ადაპტაციის მალე გავლაში, სწრაფად რომ შევეჩვიო გარემოს.

დღეს პირველი ვარჯიშიც ჩავატარე გუნდთან ერთად, მსუბუქი ვარჯიში იყო. თანაგუნდელებიც ძალიან თბილად დამხვდნენ. როგორც მეგობარი, გუნდისა და ოჯახის წევრი, ისე მიმიღეს. ამან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მოლოდინს რაც შეეხება, ვფიქრობ, ადაპტაციის გავლა არ გამიჭირდება და ვიმედოვნებ, რომ წარმატებული სეზონი მექნება.

11 ნომერი ავირჩიე – აქამდე, სადაც მითამაშია, ყველგან ამ ნომრის მაისური მეცვა”, - გვითხრა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძემ “ესბიერგთან” გუშინ 2.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ გუნდში მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი, ოთარ კაკაბაძეც ირიცხება.

დანიის სუპერლიგაში “ესბიერგი" პირველი წრის მერე მე-12 ადგილზე იმყოფება და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

0.120561