ინგლისის ეროვნული ნაკრების 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” ნახევარმცველი ადამ ლალანა აღიარეს. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მერსისაიდელთა 28 წლის შემტევმა გამოკითხვაში ხმათა 39 პროცენტი დააგროვა და “ლესტერის” ფორვარდ ჯეიმი ვარდისთან (12%) ერთად, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელს უეინ რუნის (8%) აჯობა, რომელსაც ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი 2014 და 2015 წლებში მოუპოვებია.
“ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ამ სეზონში ყველაფერი კარგად მიდის. როცა კლუბში კარგად თამაშობ, განწყობა ნაკრებშიც მიგყვება. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებ ინგლისის ნაკრებს რომ დავეხმარო და ამ ერთ სეზონში მიღწეულზე არ შევჩერდე” - განაცხადა დაჯილდოვებისას ლალანამ, რომელიც ინგლისის ეროვნული გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს და მის აქტივში 29 მატჩში გატანილი 3 გოლია. სხვათა შორის, სამივე გოლი გასული წლის შემოდგომაზე, სლოვაკეთთან (1:0) და შოტლანდიასთან (3:0) მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრებში და ესპანეთთან (2:2) ამხანაგურ მატჩში გაიტანა. ამასთან, 2016 წელს 10 საგოლე გადაცემაც შეასრულა.