ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ მატჩში რაფაელ ნადალმა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი 5-საათიან ბრძოლაში 6:3, 5:7, 7:6, 6:7, 6:4 დაამარცხა და ფინალში როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება. აღნიშნული გამარჯვება მსოფლიოს მეცხრე ნომრისთვის ბოლო პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან 2014 წლის საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ, მალიორკელი დიდი სლემის ფინალში ვერ გადიოდა.
პირველი სეტი მე-15 ნომერ ბულგარელს და ესპანელს შორის დაძაბული არ გამოდგა და ნადალმა მეოთხე გეიმზე ბრეიკის შესრულებით საქმე ბოლომდე მიიყვანა. მეორე სეტის 12 გეიმში კი 5 ბრეიკი ვიხილეთ, ყველაზე მეტჯერ მოწოდება რაფამ დათმო. მესამე სეტში ჩოგბურთელები უფრო ზუსტად თამაშობდნენ და პირველად მეტოქის მოწოდება გრიგორმა მოიგო, თუმცა ნადალმა წონასწორობა მალევე აღადგინა და საჩოგბურთო ლატარეამდე მისულ სეტში იმარჯვა. მეოთხე სეტი კი უფრო მეტი სიზუსტით გამოირჩეოდა და მეტოქეები თავის მოწოდებაზე უფრო ზრუნავდნენ და რისკს არ მიმართავდნენ. საბოლოოდ მეორე ტაიბრეიკი დიმიტროვმა დამსახურებულად მოიგო.
გადამწყვეტი სეტი ბულგარელმა დაიწყო და ნადალი ბრეიკზე იბრძოდა, თუმცა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, გრიგორი არ გატყდა. მეცხრე გეიმზე კი დიმიტროვი გატყდა და ნადალმა თავის მოწოდებაზე სანუკვარი ფინალის საგზური მოიპოვა.
საერთო ჯამში ნადალმა მეტოქეზე 34-ით ნაკლები ქულა მოიპოვა (45-79), თუმცა დიმიტროვმა 27-ით მეტი (70-43) შეცდომა დაუშვა. ასევე უნდა ითქვას, რომ მოწოდებას ბულგარელი კარგად ასრულებდა და 20 ეისი მიითვალა, ნადალმა კი - 8.
2011 წლის "როლან გაროსის" ტურნირის შემდეგ, ჩოგბურთის მოყვარულებს დიდი სლემის ტურნირის ფინალში ნადალის და ფედერერის დაპირისპირება არ უნახავთ. ასევე, 7 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ესპანელმა 3:1 დაამარცხა შვეიცარიელი. ურთიერთშეხვედრებში ნადალი როჯერს 23:11-ს ამარცხებს, ბოლო მათი დაპირისპირება კი ბაზელის ტურნირის ფინალში გაიმართა და ფედერერმა იმარჯვა. შვეიცარიელისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქედ ნადალია მიჩნეული და მათი დაპირისპირება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა. ნადალი შეეცდება პიტ სამპრასის შედეგი გააუმჯობესოს და მე-15 სლემი მოიგოს, ხოლო ფედერერი ამ მხრივ რეკორდსმენია და მე-18 დიდი სლემის ტიტულის მოგებას შეეცდება. მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.