ფეხბურთი

18:30 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე: "ფინალში გასვლა მოულოდნელი იყო"
"შანსი თანაბარია, რადგან ფინალია დაყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტიტული მოვიგოთ"

“მორეირენსეს” ქართველ მეკარეს, გიორგი მაკარიძეს ჩინებული შანსი აქვს კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვის. ის და მისი გუნდი ხომ პორტუგალიის თასის ფინალში გავიდნენ, რომელშიც “მორეირენსე” “ბრაგას” დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში მაკარიძემ და მისმა თანაგუნდელებმა ლისაბონის “ბენფიკას” აჯობეს – 3:1. აღნიშნულ შეხვედრაში ჩინებულად გაისარჯა ჩვენებური მეკარე, რომელმაც გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

საერთოდ, მაკარიძემ წელი ჩინებულად დაიწყო: ჯერ იყო და თასზე “პორტუსთან” ჩაატარა დიდებული თამაში, მერე კი, პორტუგალიის ჩემპიონატში “პასუშ დე ფერეირასთან” იმდენად კარგად გაისარჯა, ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. “ბენფიკასთან” თამაშზე უკვე მოგახსენეთ. ახლა კი მაკარიძეს მოვუსმინოთ, რომელსაც WORLDSPORT.GE პორტუგალიაში დაუკავშირდა:

“ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვისაც და მთლიანად გუნდისთვისაც ფინალში გასვლა. “ბენფიკა” საუკეთესო ფორმაშია და დასაწყისშივე გოლი გავუშვით. საერთოდ, პირველი ტაიმი ძალიან სუსტად ჩავატარეთ. მეორე ნახევარში კი, ცოტა მოეშვა მეტოქე და ამით ვიარგებლეთ. ორი გოლი დასაწყისში გავუტანეთ და “ბენფიკა” აირია. თამაშის ბოლოს კი, ძალიან ბევრჯერ გაგვიმართლა. ჩემს თამაშს რაც შეეხება, არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად ვითამაშე, ჩვეულებრივი მატჩი მქონდა.

ახლა შანსი გვაქვს, რომ ტიტული მოვიგოთ. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულად არ ვემზადებით ფინალისთვის. ვნახოთ, გავალთ მოედანზე გავალთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ ყველანი. დანარჩენი უფლის ნებაა.

ვფიქრობ, შანსი თანაბრადაა განაწილებული, რადგან ფინალია. თუმცა, “ბრაგა” გამოცდილი გუნდია და ამიტომ, მცირე უპირტესობა ალბათ აქვთ – 60%-40%-ზე”, - გვითხრა გიორგიმ.

“მორეირენსესა” და “ბრაგას” შეხვედრა 30 იანვარს, საუ ჟოაუ და ვანდაში, “ესტადიო ალგავრეზე” გაიმართება. სხვათა შორის, "მორეირენსემ" "ბენფიკას" სწორედ ამ სტადიონზე აჯობა.

აქვე, შეგიძლიათ "მორეირენსესა" და "ბენფიკას" მატჩიდან მაკარიძეს მომენტები ნახოთ.

0.119085