მადრიდის “რეალის” ფორვარდი ალვარო მორატა გუნდში საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და შესაძლოა, ამ ზამთარსვე შეიცვალოს ნავსაყუდელი. Cadena SER-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს, რომელიც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის, აღარ სურს მშობლიურ კლუბში თამაში, სანამ გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იქნება.
24 წლის ფორვარდი თავს მოტყუებულად მიიჩნევს ზიდანის მიერ, რომელიც მას გასულ ზაფხულს “რეალში” დაბრუნებისას რეგულარულ სათამაშო დროს დაპირდა. როგორც წყარო იტყობინება, მორატამ საკუთარ აგენტს სთხოვა, ყურადღებით შეისწავლოს მისი შეძენით დაინტერესებული ინგლისური კლუბების წინადადებები.
სხვათა შორის, მორატას შესახებ ცოტა ხნის წინ “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს შეუძლია ახლავე წავიდეს, თუკი მის სანაცვლოდ “სამეფო კლუბს” 60 მილიონს გადაუხდიან.
ესპანელი თავდამსხმელის შეძენის მსურველთა შორის ინგლისური “არსენალი” და “ჩელსი” სახელდებიან.
მორატამ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა (სულ 632 წუთი გაატარა მოედანზე) და 5 გოლი გაიტანა.