ჩოგბურთი

12:13 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

დები უილიამსები ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში (+VIDEO)

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს დები სერენა და ვინუს უილიამსები შეხვდებიან.

ნახევარფინალში ვინუსმა ამერიკელი კოკო ვანდევეი 6:7, 6:2, 6:3 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრა 2 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის წაგების შემდეგ ვინუსმა მეორე და მესამე სეტები მარტივად მოიგო.

სერენამ მარიანა ლუჩიჩ-ბარონი მარტივად 6:2, 6:1 დაამარცხა (VIDEO). უმცროს უილიამსს ხორვატისგან არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია, ლუჩიჩ-ბარონს ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია.

ურთიერთშეხვედრებში სერენა ვინუსს 16:11-ს ამარცხებს, ხოლო გრანდ სლემის ფინალებში უმცროსი და 6:2-ს იგებს.

ღია ერაში (1968 წლიდან) სერენა უილიამსს და შტეფი გრაფს ყველაზე მეტი 22-22 დიდი სლემის ტიტული აქვთ მოპოვებული. სერენას იდეალური შანსი აქვს, რომ გერმანელს გადაასწროს და საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსიროს.

ვინუსს შვიდი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოპოვებული. მან ბოლოს 2008 წელს უიმბლდონი მოიგო, თანაც უფროს დას ავსტრალიის ღია პირველობა მოგებული არ აქვს, აქამდე ერთხელ 2003 წელს იყო ფინალში და მაშინ სერენასთან 7:6, 3:6, 6:4 დამარცხდა. 36 წლის ვინუსი ყველაზე ასაკოვანი ქალი ჩოგბურთელია, ვინც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა.

ფინალური შეხვედრა 28 იანვარს თბილისის დროით 12:30 საათზეა ჩანიშნული.

0.155291