ჩოგბურთი

14:33 | 23.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტიმმა გოფინის ბარიერი ვერ დაძლია, ისტომინი დიმიტროვმა შეაჩერა (+VIDEO)

ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში, მე-11 ნომერმა დავიდ გოფინმა მსოფლიოს რეიტინგის მე-8 ჩოგანი დომინიკ ტიმი 4 სეტში 5:7, 7:6, 6:2, 6:1 დაამარცხა (VIDEO). როგორც აღმოჩნდა, ავსტრიელისთვის ბელგიელი ჯერჯერობით დაუძლეველი ბარიერია. გოფინმა ამავე ტურნირზე წინა წელსაც 3:1 იმარჯვა, ოღონდ ის შეხვედრა მეთექვსმეტედფინალში იყო.

პირველ სეტში გოფინმა ასპარეზობა კი კარგად დაიწყო და ბრეიკი შეასრულა, თუმცა შემდეგ ტიმი გონს მოეგო და 3:2 დაწინაურდა. მიუხედავად ასეთი ფსიქოლოგიური უპირატესობისა, გოფინმა პირველ სეტში მეოთხე ბრეიკი დააფიქსირა, საბოლოოდ კი 5:6-ზე მაინც მოწოდება ვერ გამოიყენა, ტაიბრეიკამდე საქმე არ მივიდა და 5:7 წააგო.

მეორე სეტში მოთამაშეებმა შეცდომები არ დაუშვეს და საქმე საჩოგბურთო ლატარეამდე მივიდა, სადაც უფრო კარგად გოფინმა ითამაშა, მეტი მოთმინება გამოიჩინა და ამ სეტში გამარჯვებით შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. მომდევნო სეტებში ავსტრიელმა ვერაფერი გააწყო და ბელგიელმა იოლად 6:2, 6:2 იმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ გათამაშებებში უფრო მეტი ქულა ტიმმა აიღო (45-38), სამაგიეროდ მეტოქეზე სამჯერ მეტი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 19-ით მეტი შეცდომა (58-29) თამაშის მიმდინარეობისას. აქედან გამომდინარე, ბელგიელს გამარჯვება არ უნდა გასჭირვებოდა და ურთიერთშეხვედრებში 5:3 დაწინაურდა.

მატჩის შემდეგ გოფინმა აღნიშნა, რომ დაძაბული შეხვედრა იყო: "დავიღალე, თუმცა ბედნიერი ვარ. მართლაც რომ კარგი მატჩი გამოვიდა. ასევე მოხარული ვარ, რომ მეორე სეტში გამძლეობა გამოვიჩინე, მოვიგე და შემდეგ უკვე გამარჯვება არ გამჭირვებია."

ბელგიელმა მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა და აქცენტი გრიგორ დიმიტროვზე გააკეთა. გოფინის პროგნოზი გამართლდა და ბულგარელმა სენსაციის ავტორი, ნოვაკ ჯოკოვიჩის დამმარცხებელი, მსოფლიოს 117-ე ჩოგანი დენის ისტომინი 2:6, 7:6, 6:2, 6:2 დაამარცხა (VIDEO).

წინა მატჩის მსგავსად, წაგებულმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი იოლად მოიგო და გულშემატკივრები კიდევ ერთი სენსაციის მოლოდინში იყვნენ, თუმცა როგორც გოფინმა, ასევე დიმიტროვმაც მეორე სეტი ტაიბრეიკით მოიგო და დამაჯერებელი თამაშით მეტოქე ფსიქოლოგიურად გატეხა. მატჩის დროს 35 გრადუსი სიცხე იყო და ისტომინი ყინულებით ცდილობდა მაღალ ტემპერატურასთან გამკლავებას. ამავდროულად დენისს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

მესამე სეტში უზბეკი მეორე და მერვე გეიმებზე დაბრეიკდა, მესამე სეტში კი ისტომინი თითქოს ბედს შეეგუა, იმედგაცრუებული და დაღლილი თამაშობდა და ასევე ბევრ შეცდომებს უშვებდა. ბოლო ორ სეტში დენისს ნერვებმა უმტყუნა და მეტოქეზე სამჯერ მეტი შეცდომა დაუშვა (24:8), გათამაშებიდან გამარჯვებული დიმიტროვი 17-ჯერ გამოვიდა, ხოლო ისტომინმა ქულა 7-ჯერ აიღო. საბოლოოდ, დენისს 11-ჯერ მეტი შეცდომა ჰქონდა და დიმიტროვმა ქულა 10-ჯერ მეტი აიღო. ურთიერთშეხვედრებში კი გრიგორი 2:0 დაწინაურა, პირველი შეხვედრა 2014 წელს შანხაის ტურნირზე გაიმართა, სადაც პირველივე წრეში დიმიტროვმა 6:3, 6:3 იმარჯვა. ასევე გროგორი რეიტინგში ასეულს მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან ჯერ არ დამარცხებულა.

მეოთხედფინალში ფავორიტად მე-15 ნომერი ბულგარელი ითვლება და ურთიერთშეხვედრებშიც დიმიტროვი 3:0 იგებს. ისტომინთან მატჩში დიმიტროვმა მართალია იოლად მოიგო, თუმცა განსაკუთრებული სანახაობრივი ჩოგბურთი გულშემატკივრებს ვერ შესთავაზა. გრიგორი ერთი წლით ახალგაზრდაა გოფინზე და ისტორიიდან გამომდინარე სავარაუდოდ არც უნდა გაუჭრდეს გამარჯვება. ისიც სათქმელია, რომ ბულგარელი აქცენტს ფიზიკურ გამძლეობაზე აკეთებს და ცდილობს ნაკლები შეცდომების ფონზე საწადელს მიაღწიოს. თავის მხრივ გოფინი შეეცდება ნავსი გატეხოს და მოიგოს. ამავდროულად, ბელგიელი მოწოდებას კარად იღებს, კორტზე სწრაფად გადაადგილდება და აუღებელ დარტყმებსაც ასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.220342