“ფლორენტინო პერესის საიდუმლო გეგმა” - ასეთი სათაურით აქვეყნებს ესპანური გამოცემა Don Balon-ი ინფორმაციას, სადაც საუბარია იმაზე, რომ “რეალის” პრეზიდენტი კრიშტიანუ რონალდუს ჩინეთში გაყიდვაზე ფიქრობს.
წყაროს ცნობით, პერესის გეგმა ასეთია: პორტუგალიელი ვარსკვლავი მადრიდში მომავალ სეზონსაც გაატარებს და 2018 წლიდან ჩინეთში განაგრძობს კარიერას, “რეალი” კი ამ გარიგებით სოლიდურ თანხას შემატებს საკუთარ ბიუჯეტს.
კრიშტიანუმ გასული წლის ნოემბერში “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ერთ-ერთი კლუბი მზად იყო რონალდუს სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო გადაეხადა.
ამ დროისთვის, transfermarkt-ი 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს 110 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო სპორტული კვლევების ცენტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში რონალდუს სატრანსფერო ღირებულებად 126,5 მილიონი ევროა მითითებული.