ფეხბურთი

15:02 | 17.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ვან გაალმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარული ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუის ვან გაალი კარიერას ასრულებს. ამის შესახებ 65 წლის სპეციალისტმა ბრიტანულ გამოცემა “გარდიანთან” საუბარში განაცხადა.

ვან გაალის თქმით, ბოლო დროს მის ოჯახში ბევრი რამ მოხდა და ამიტომ, ფიქრობს, რომ ამიერიდან სამწვრთნელო საქმიანობას აღარ დაუბრუნდება.

ლუის ვან გაალი ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედს” თავკაცობდა, რომელის 2016 წელს დატოვა. ყველაზე დიდი წარმატებით მას ამსტერდამის “ააიაქსში” უმუშავია, რომელსაც 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ასევე ჰოლანდიის ჩემპიონი გახადა 2009 წელს მოკრძალებული ჰოლანდიური გუნდი “ალკმაარი”, ხოლო მიუნხენის “ბაიერნი” კრიზისიდან გამოიყვანა და 2010 წელს დუბლი შეასრულებინა, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

ვან გაალის აქტივშივე უნდა შევიტანოთ ჰოლანდიის ნაკრების ბრინჯაოს მედლები 2014 წლის მუნდიალზეც. ლუისი თავის დროზე სათავეში კატალონიის “ბარსელონასაც” ედგა.

მის მთავარ პლიუსად კი, დღემდე ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოჩენა და მათი მთავარ გუნდებში დაწინაურება ითვლებოდა. სწორედ ასეთ კატეგორიაში შედიან ანდრეს ინიესტა, დავიდ ალაბა, პატრიკ კლუივერტი, ედგარ დავიდსი და ბევრი სხვა.

0.116458