კალათბურთი

14:21 | 16.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი – ესპანეთის ჩემპიონატის ტურის MVP (+VIDEO)

მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ესპანეთის ლიგა ენდესაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა. “მორაბანკ ანდორასა” და “ბეტისის” მატჩში, რომელიც მასპინძლებმა 95:69 მოიგეს, გიორგიმ 26 წუთში 22 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 33 შეადგინა. შერმადინმა 8-დან 8 ორქულიანი ზუსტად ესროლა და 11-დან 6 საჯარიმო მოათავსა კალათში. ჩინებული გარჯა შერმადინს დაუფასდა და ლეგა ენდესას XVII ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

რაც შეეხება “ანდორას” კიდევ ერთ ჩვენებურს – ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე მხოლოდ 8:51 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 6 ქულა და 3 მოხსნა შესძინა საკუთარ გუნდს. ბექამ თითო ორქულიანი და სამქულიანი ესროლა და კალათში მოათავსა, ხოლო 2 საჯარიმოდან ერთი გამოდგა ზუსტი.

ამავე ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ მოედანზე ბასკურ დერბიში “ბილბაოს” მოუგო ადვილად, 84:63. ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა ამჯერად თავი დიდად არ გამოუჩენია.

თორნიკემ 17:31 წუთი ითამაშა, 5 ქულა დააგროვა და ბურთი ფარიდან ორჯერ მოხსნა. “ბასკონიას” 16 თამაშში 11 მოგება და 5 წაგება აქვს. ამ შედეგით ბასკებს მეხუთე პოზიცია უკავიათ.

0.105433