ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “დეტროიტი” 127:107 დაამარცხა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება საკუთრივ მატჩს, გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც “მეომრებმა” 41:19 მოიგეს. ყველაზე მეტი, 25 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, ხოლო “დეტროიტში” 21 ქულით მარკუს მორისი გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 34 მოგებითა და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციას და სრულიან ნბა-ს ლიდერობს. ოკლენდელები მომდევნო მატჩში საკუთარ დარბაზში “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 17 იანვარს თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყება.