ფეხბურთი

20:43 | 12.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ მესხი

დღეს მიხეილ მესხი 80 წლის გახდებოდა. რა ბედნიერები იყვნენ ის გულშემატკივრები, რომლებიც თბილისის "დინამოს" თამაშიდან თამაშამდე ცხოვრობდნენ, თბილისის "დინამოს" თითოეულ ფეხბურთელს გულში იხუტებდნენ და საპასუხოდაც იგივე გრძნობას იღებდნენ. მიხეილ მესხი კი ის ფეხბურთელი იყო, მარტო მისი თამაშის სანახავადაც რომ დადიოდნენ...

იყვნენ ადამიანები, რომლებიც ტრიბუნებზე იმ ადგილზე სხდებოდნენ, საიდანაც უკეთ ჩანდა მესხი, ხოლო შესვენებისას ყველა ღონეს ხმარობდნენ, რათა მეორე მხარეს გადამჯდარიყვნენ. ისინი პერსონალურად მესხისთვის დადიოდნენ, მის გენიალურ ფინტებსა და გარღვევებს ახლოდან უყურებდნენ... ამით ახალი არაფერი გვითქვამს, ნამდვილმა გულშემატკივრებმა (მითუმეტეს, სტაჟიანებმა) იციან ეს ამბავი.

ახალი კი რა უნდა თქვა ამხელა ფეხბურთელზე, როცა მის თამაშს არ მოსწრებიხარ. მესხი ახლოდან ერთხელ მყავს ნანახი, სპორტის სასახლეში მისი სახელობის ტურნირი ტარდებოდა. იმ ტურნირიდან რამდენიმე თვეში, მიხეილ მესხი გარდაიცვალა... 54 წლის ასაკში.

მიხეილ მესხი არ იყო გოლეადორი, გაცილებით ხშირად სხვებს ატანინებდა: 356 მატჩი, 76 გოლი "დინამოში" და 34 მატჩი, 4 გოლი სსრკ-ის ნაკრებში. მესხის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა 1964 წელს თბილისის "დინამოს" ჩემპიონობა და მეტიც, ვერც სსრკ-ის ნაკრები გახდებოდა 1960 წელს ევროპის ჩემპიონი. მაშინ, პირველ ევროპის ჩემპიონატზე, მესხთან ერთად, სლავა მეტრეველი და გივი ჩოხელიც თამაშობდნენ. ფინალში, იუგოსლავიასთან მეტრეველმა ძირითად დროში გაათანაბრა ანგარიში, ხოლო დამატებით დროში ვიქტორ პონედელნიკმა მესხის პასით გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

15 წელი თამაშობდა "დინამოში", მერე ცოტა ხანს თბილისის "ლოკომოტივშიც" იყო, მაგრამ ეს უკვე კარიერის დასასრულს.

ფინტი, რომლის შემდეგ მცველები ზოგჯერ საცოდავად ყირავდებოდნენ, მესხის ფინტს უწოდებდნენ და მესხის ფინტადვე დარჩება. ჩვენის მხრივ კი ვისურვოთ, რომ მესხის დონის ფეხბურთელები კიდევ დაბადებულიყვნენ საქართველოში.

0.119427