გამოცდილი მაროკოელი ფეხბურთელი ადელ ტაარაბტი კარიერას იტალიური “ჯენოაში” გააგრძელებს. გენუური გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 27 წლის ტაარაბტთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
აფრიკელი შემტევი ლისაბონის “ბენფიკას” საკუთრებაა და იტალიაში იჯარით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მისთვის აპენინი უცხო ადგილი არაა. 2013-2014 წლების სეზონის მეორე ნახევარში “მილანში” 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.
ადელ ტაარაბტის კარიერის საუკეთესო წლები ინგლისს, კერძოდ, ქპრ-ს უკავშირდება. სხვადასხვა დროს იგი ასევე იცავდა “ტოტენჰემის”, “ფულჰემისა” და “ლანსის” ღირსებას.