გიორგი კუხიანიძემ, რომელიც საქართველოს გარდამავალ ჩემპიონატში თბილისის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში თამაშობდა, დედაქალაქური კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნება გადაწყვიტა.
„ტორპედოს“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 24 წლის ნახევარმცველმა მშობლიურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გიორგი კუხიანიძე რამდენიმე სეზონის განმავლობაში ქუთაისელთა წამყვანი მოთამაშე და კაპიტანი გახლდათ. უმაღლეს ლიგაში „ტორპედოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ 99 მატჩში 18 გოლი გაიტანა, ჯამურად კი ქართულ ელიტლიგაში მას 151 შეხვედრაში 22-ჯერ აქვს აღებული მეტოქეთა კარი. გიორგის, „ტორპედოსა“ და „ლოკომოტივის“ გარდა, „ზესტაფონში“ და “შუქურაში“ უთამაშია.