ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-15 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” შინ “მაკაბი” 101:88 დაამარცხა. თოკომ ებრაული კლუბის დამარცხებაში ლომის წილი დაიდო. შენგელია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და გუნდს 22 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო სროლა ჩააგდო. თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22-ს უწია, რითაც თავის გუნდში მხოლოდ გერმანელ იოჰანეს ფოიგტმანსა (26) და ამერიკელ შეინ ლარკინს (24) ჩამორჩა.
“ბასკონია” 10 მოგებითა და 5 მარცხით მეოთხე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრაში ესპანური კლუბი “უნიქსს” დაუპირისპირდება, თამაში 5 იანვარს თბილისი დროით 23:59 საათზე დაიწყება.