სხვა

21:50 | 29.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2016 წელი შეაჯამა

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2016 წელი შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინა. წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა. ეს მოსალოდნელიც გახლდათ, ლაშამ 2016 რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი დაისაკუთრა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. სხვათა შორის, ტალახაძე მანამდე საუკეთესო სპორტსმენად საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომაც დაასახელა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გამოკითხვაში 85 ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა რაც სჟა-ს არსებობის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

გამარჯვებულები ოთხ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო ეროვნული ნაკრები, საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი.

ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრთა მოსაზრებით 2016 წელს საუკეთესო გახლდათ – მან გამოკითხულ ჟურნალისტთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ასევე ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელმაც 162 ქულა დააგროვა, ხოლო საპრიზო სამეული კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ დაასრულა 62 ქულით.

გამარჯვებულ ლაშა ტალახაძეს სამახსოვრო თასთან ერთად სხვადასხვა პრიზებიც გადაეცა: “ევროპა ბეთმა” იგი ევრობასკეტ 2017-ის ფინალური შეხვედრის ბილეთით დააჯილდოვა, ხოლო ძალოსნობის ფედერაციის სპონსორმა “რომპეტროლმა” 1000 ლიტრი საწვავით.

“რა თქმა უნდა, ყველა აღიარება სასიამოვნოა და ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა და საუკეთესოდ მიმიჩნია. შევეცდები, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელო და საქართველო ისევ ვასახელო, არავის ვათქმევინო, რომ ჯილდო არ დამიმსახურებია. სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ”, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

იგივე ჯილდო ერგო ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძეს, რომელიც თავის მხრივ, 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნიეს. ასანიძემ 65 ხმა დააგროვა. მეორე ადგილზე აღნიშნულ ნომინაციაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თავკაცი მილტონ ჰეიგი გავიდა 14 ხმით, ხოლო მესამე პოზიცია თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების დამრიგებელ ნუგზარ სხირელს ერგო – 6 ხმა. აღსანიშავია, რომ "რომპეტროლისგან" ასანიძესაც 1000 ლიტრი საწვავი ერგო საჩუქრად ლაშა ტალახაძის მსგავსად.

“დიდი მადლობა პირველ რიგში. მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, რომელიც კარსაა მომდგარი. საამაყოა ეს გამარჯვება ისეთ კონკურენციაში, როგორიც ქარტულ სპორტშია. გავუფრთხილდები ამ ჯილდოს, ეს ახალი გამოწვევაა და ვეცდები იმედები მომავალშიც გავამართლო. დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თბილი სიტყვებისთვის, გვერდში დგომისთვის. უღრმესი მადლობა ჯურნალისტთა ასოციაციას და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ ჩართულნი”, - თქვა დაჯილდოვების შემდეგ გიორგი ასანიძემ.

2016 წლის საუკეთესო ნაკრები საკალათბურთო გუნდი გახდა – ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეოთხედ გავიდა ილიას ზუროსის ნაკრები და ესეც მოსალოდნელი გახლდათ. კალათბურთელა გუნდს 25 ხმა ერგო და მცირედით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ მორაგბეთა ნაკრებს 22 ჟურნალისტმა მისცა ხმა, ხოლო მესამე პოზიცია დაიკავა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დაიკავა.

2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა მორაგბე ვასილ ლობჟანიძე. მეორე ადგილზე გენო პეტრიაშვილი გავიდა 10 ხმით, ხოლო მესამე-მეოთხე პოზიციები 8-8 ხმით გაიყვეს ზვიად პატარიძემ და გენო პეტრიაშვილმა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დაჯილდოვების ცერემონიალს დღეს, კლუბ “რუფტოპ ტერასა” მასპინძლობდა. ღონისძიებას სპორტული ჟურნალისტები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

0.316777