ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ მას “ვალენსიას” დატოვება იძულებით მოუწია. მისი თქმით, “ღამურებს” ფინანსური პრობლემები ჰქონდათ და ფული სჭირდებოდათ, ამიტომაც კლუბის დატოვება მოუწია და კარიერა “ბარსელონაში” განაგრძო.
“ვალენსიას” ფული სჭირდებოდა, რის გამოც კლუბიდან წასვლა მომიწია. “ღამურებს” ფინანსურად რომ არ გასჭირვებოდათ, მე არ წავიდოდი. “ლოს ჩესთან” გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებდა და “მესტალიაზე” ბედნიერი ვიყავი” – განაცხადა “ელ გუახემ”.
შეგახსენებთ, რომ ვილია “ვალენსიას” ღირსებას 2005-2010 წლებში იცავდა და 225 მატჩში 129 გოლის გატანა მოახერხა. ის 2010 წელს 40 მილიონ ევროდ “ბარსელონაში” გადავიდა.