ირაკლი კლიმიაშვილი ამჟამად უგუნდოდაა, თბილისის "ლოკომოტივთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა და რამდენიმე წინადადებას განიხილავს. კლიმიაშვილი იმ დონის ფეხბურთელი ნამდვილადაა, პროლიგა 1-ში კლუბის მოძებნა რომ არ გაუჭირდეს, თუმცა, როგორც თავად გვითხრა, უცხოეთის ვარიანტებიც აქვს.
გადავწყვიტეთ, პერიოდულად შემოგთავაზოთ იმ ფეხბურთელებთან ინტერვიუ, რომლებმაც, როგორც იტყვიან, ზეპირად იციან საქართველოს ჩემპიონატი, მისი ნიუანსები, ავიც და კარგიც. 28 წლის კლიმიაშვილი სწორედ ასეთების კატეგორიას მიეკუთვნება...
კლიმიაშვილი: - მინდა, დადებითი ბევრი დავინახო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემპიონატის სათამაშო დონე ძალიან დაეცა. შედარებაც მიჭირს იმ პერიოდთან, როცა "ვიტ ჯორჯიაში" ვთამაშობდი. ამ გარდამავალ ჩემპიონატში დაძაბულობა იყო, ყველა ქულას ფასი ჰქონდა, მაგრამ თამაშის ხარისხზე არ ვიცი, რა გითხრათ. იმედი მაქვს, 10-გუნდიანი ჩემპიონატი გაცილებით კარგი იქნება. ვხედავ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რათა შიდა ჩემპიონატი წინ წაწიოს, პოპულარობა შესძინოს.
- ალბათ, თითოეულ მატჩში საპრემიო სისტემასაც გულისხმობ...
- ეს თავისთავად, მაგრამ ჯერ იმაზე ვიტყვი, რომ ფედერაციის საიტზე გადაიცემა რეპორტაჟები, ტურის ყველა მატჩის ნახვაა შესაძლებელი. პრემიალურებს რაც შეეხება, მაგას რა სჯობს, როცა ფეხბურთელი თითოეულ შეხვედრაში ფინანსური მოტივაციით გადის მოედანზე. ზოგს ჰგონია, რომ ფეხბურთელებს ძალიან დიდი ფული აქვთ და სად წაიღონ, არ იციან. ჯერ ერთი, ასე არაა, და მეორეც, რამდენი პრობლემა აქვს ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატში... აქ ხომ სტაბილური ფინანსური სიტუაცია არაა. მაგალითად, გაფორმდება ორწლიანი კონტრაქტი, ნახევარი წლის შემდეგ კი კლუბს ფული არ აქვს, ორმხრივი შეთახმებით წყდება ხელშეკრულება და ფეხბურთელიც სხვაგან მიდის. წინ რა გელის, არ იცი. ფედერაციის შემუშავებული პროექტით, ასე აღარ იქნება.
- 28 წლის ხარ და ასაკოვანი არ გეთქმის, მაგრამ საერთო აზრით, უფრო დიდი ფეხბურთი შეგეძლო გეთამაშა. კარიერის რომელ პერიოდზე გწყდება გული? აი, როცა შეგეძლო, რომ უკეთ წაგეყვანა საქმე...
- ამ თემაზე ხშირად მეფიქრება. რაღაც მომენტი გავუშვი ხელიდან... მახაჩყალის "ანჟიში" რომ გადავედი, 22 წლის ვიყავი. საქართველოს ჩემპიონი გავხდი, 21-წლამდელთა ნაკრებში კარგად ვთამაშობდი და წავედი ძლიერ ჩემპიონატში. ყველაფერი გეგმაზომიერად მიდიოდა, "ანჟის" მწვრთნელი გაჯი გაჯიევი თავს მევლებოდა, მოვწონდი და ცდილობდა დამხმარებოდა. გუნდში იყო ნუკრი რევიშვილი და სულ ერთად ვიყავით. უბრალოდ, ისეთი პერიოდი დაემთხვა, როცა "ანჟიმ" სუპერფეხბურთელების მოყვანა დაიწყო, ლამის ყოველდღე მილიონებს ხარჯავდნენ. ჩემი მისვლიდან მალევე ხომ რობერტო კარლოსი ჩამოიყვანეს...
- და მილიონერების ფონზე შენი ადგილი აღარ დარჩა... ასეა?
- უფრო ჩემი ბრალი იყო. ვერ ვითამაშე, რატომღაც... საჭირო იყო სადმე გადასვლა. ტაშკენტის "ფახთაქორს" სურდა იჯარით ჩემი წაყვანა. ორჯერ უარით გავისტუმრე, მესამედ კი, სხვა ძალა არ იყო, დავთანხმდი, თამაში მინდოდა. არ მინანია, უზბეკეთში ტიტულები მოვიგე, აზიის ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობდი, კლუბში დაფასებული ვიყავი.
- მიიჩნევ, რომ ეს იყო შენს კარიერაში საუკეთესო პერიოდი?
- არა, ყველაზე კარგი პერიოდი იყო, როცა "ვიტ ჯორჯიაში" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. როცა 21-წლამდელთა ნაკრებს ოთარ გაბელია წვრთნიდა.
- მაშინ თურქებს ორივე თამაში მოუგეთ, ჯგუფიდან გასვლამდე ცოტა დაგაკლდათ...
- უნდა გავსულიყავით, კარგი შემადგენლობა გვყავდა.
- ნიჭიერი ახალგაზრდა... როგორ ფიქრობ, ჩვენს ჩემპიონატში ბევრნი არიან ასეთები? "ვიტ ჯორჯიაში" როცა თამაშობდი, მაშინ უფრო ძლიერი ახალგაზრდები იყვნენ თუ ახლა?
- მაშინ უფრო ძნელი იყო დიდებში დაწინაურება... თუ აწინაურებ, უნდა იმსახურებდეს კიდეც. "ვიტ ჯორჯიაში" პირველად რომ მათამაშეს, 17 წლის ვიყავი და მახსოვს, ჩემი ტოლი ორი-სამი ბიჭი თუ იყო მთელ უმაღლეს ლიგაში. ვერ ვითამაშებდი? მაშინვე ჩამომწევდნენ უკან. გაახალგაზრდავების პროცესი კარგია, მაგრამ ყველაფერს დრო უნდა ჰქონდეს და თანაც, დოზაა საჭირო. გია ცეცაძემ "სამტრედია" ახალგაზრდებით მიიყვანა ჩემპიონობამდე, მაგრამ ისინი 21-22 წლისები იყვნენ და თან გვერდში გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავდათ. მარტო გიორგი დათუნაიშვილი რად ღირს. ვიცი, რა ძალასაც წარმოადგენს დათუნაიშვილი, მის გვერდში დიდხანს ვითამაშე.
- უახლოესი გეგმები? რომელი კლუბები გიწვევენ?
- ჯერ დაველოდები, ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მივიღებ. ნაჩქარევი იყო, "ლოკომოტივში" რომ მივედი და არ მინდა, იგივე გავიმეორო. ვნახოთ, უცხოეთის გუნდებიცაა და დასახელება ჯერ არ მინდა. ახალი წლის შემდეგ გადავწყვეტ.