ფეხბურთი

0:30 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტიტული 5 წლის შემდგომ - სუპერთასიდან სუპერთასამდე (+VIDEO)

იტალიის სუპერთასიდან იტალიის სუპერთასამდე – “მილანმა” ხუთი წლის შემდგომ პირველი ტიტული მოიგო. 2011 წლის აგვისტოშიც და ამჯერადაც ეს იტალიის სუპერთასია. “როსონერიმ” იტალიის ჩემპიონსა და თასის მფლობელ “იუვენტუსს” დოჰაში გამართულ ფინალში, პენალტების სერიით აჯობა. სხვათა შორის, “მილანმა” ამ მატჩში მონაწილეობა იმიტომ მიიღო, რომ თასის ფინალი “იუვენტუსთან” წააგო.

არადა, ბევრისთვის მასიმილიანო ალეგრის გუნდი აშკარა ფავორიტი იყო. ამას ისიც დაემატა, რომ “მილანი” ყატარის დედაქალაქში ერთი დღის დაგვიანებით ჩავიდა და თითქოს უცნაურ კლიმატთან “ბებერ ქალბატონს” ადვილად ჰქონდა ალღო აღებული. თუმცა, გამოჩნდა, რომ მთლად ეს არაა გადამწყვეტი ფაქტორი.

პაულო დიბალა ანტიგმირია, ჯანლუიჯი დონარუმა გმირი – ამაზე ქვემოთ, მანამდე კი, მივყვეთ “ალ სად-იასიმ ბინ ჰამად სთედიუმზე” განვითარებულ მოვლენებს. შეხვედრის პირველი ნახევარი საათი ფეხბურთს ერთი გუნდი თამაშობდა: ხსენებულ დროში დონარუმას საკუთარი გუნდი გადარჩენა ხუთჯერ მოუწია, აი, მე-18 წუთზე ჯორჯო კიელინის დიდოსტატურ დარტყმას კი ვერაფერი მოუხერხა. სხვათა შორის, “იუვენტუსის” დაცვის ხაზი მიმდინარე სეზონში გარდა იმისა, რომ თავის უშუალო მოვალეობას კარგად რომ ასრულებს, შეტევაშიც დიდებულად გამოიყურება – “ბებერი ქალბატონის” ყველა მცველს, გარდა მეჰდი ბენატიასა და ანდრეა ბარძალისა, გოლი აქვს გატანილი. კიელინის, დანი ალვეშს, დანიელე რუგანისა და ლეონარდო ბონუჩის კი, ერთზე მეტი. ამ გადახვევის მერე ისევ დოჰაში დავბრუნდეთ – გატანილი გოლის შემდეგ თითქოს “იუვე” მოდუნდა და გამარჯვება ნაადრევად დაიჯერა. დაისაჯა კიდეც: სუსოს ჩაწოდებას ჯაკომო ბონავენტურას ეფექტური თავური მოჰყვა და 1:1. პრველი ტაიმი ასეც დასრულდა.

მეორე ნახევრიდან მოყოლებული კი, თამაში გათანაბრდა. გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ალესიო რომანიოლი ყველაზე ახლოს იყო მიზანთან, ხელი ხარიხამ შეუშალა. პრინციპში მატჩის პირველი ტაიმი უფრო თვალსასეირო გამოდგა, ვიდრე მეორე და ანტონიო დამატომ დამატებით დროის დანიშვნისკენ მოუწოდა. იქ კი, ორივე გუნდმა ასპროცენტიანი მომენტები გაცვალეს: ჯერ კარლოს ბაკამ ცარიელ კარში მანამ ვერ დაარტყა, სანამ კიელინი ფეხებში არ ჩაუვარდა, პაულო დიბალამ კი, 5 მეტრიდან ისეთი ააცილა, აცილება რომ უფრო ძნელი იყო, ვიდრე გატანა... საერთოდ, არგენტინელის დღე არ იყო, ეს პენალტების სერიაშიც გამოჩნდა.

არადა, ყველაფერი ისე დაიწყო, თითქოს ლატარიაში “იუვენტუსს” უფრო უნდა გამართლებოდა: კლაუდიო მარკიზიოს ჩინებულ პენალტს ჯანლუიჯი ბუფონის სეივი მოჰყვა, როცა ჯანლუკა ლაპადულას არ გაატანინა პენალტი, მაგრამ... მაგრამ მერე “მილანმა” უშეცდომოდ ურტყა, სამაგიეროდ, მარიო მანჯუკიჩმა ხარიხას დაუმიზნა. ტურინელთაგან ბოლო ბურთთან დიბალა მივიდა, მივიდა და ჯანლუიჯი დონარუმამ აუღო. მარიო პაშალიჩის პენალტმა კი, “მილანს” ტიტული 5 წლიანი პაუზის შემდგომ მოუტანა. ეს 29-ე ტიტულია მას შემდგომ, რაც “როსონერის” სილვიო ბერლუსკონი პატრონობს. ლომბარდიულმა გრანდმა იტალიის სუპერთასი მეშვიდედ მოიგო და ამ მხრივ “იუვენტუსს” გაუტოლდა. სხვათა შორის, “იუვე” და “მილანი” ამ თასისთვის მეორედ გაეჯიბრნენ ერთმანეთს და აქაც ანგარიში გათანაბრდა – 1:1. 2003 წელს, “იუვენტუსმა” ასევე პენალტების სერიაში მოუგო “მილანს”.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დოჰაში იტალიის სუპერთასის შეხვედრა “იუვემ” ბოლო ორ წელში მეორე წააგო და ორჯერვე თერთმეტრიანებში. პირველად 2014 წელს, “ნაპოლისთან”.

ამ შეხვედრით იტალიაში საფეხბურთო წელი დასრულდა და კალჩო 8 იანვრიდან სერია A-ს მატჩებით განახლდება. “მილანის” მთავარი მიზანი სალიგო ზონაში მოხვედრაა, “იუვენტუსის” კი, როგორც ამბობენ, ჩემპიონთა ლიგის მოგება და ვნახოთ რა იქნება. წიწილებს შემოდგმოზე ითვლიანო...

“იუვენტუსი” – “მილანი” 1:1 პენ: 3:4 (1:1) VIDEO

დოჰა, “ალ სად-იასიმ ბინ ჰამად სთედიუმი”

მაყურებელი: 15 000

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო (ევრა 32); ხედირა, მარკიზიო, სტურარო (ლემინა 79); პიანიჩი (დიბალა 67); იგუაინი, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე (ანტონელი 102), პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი (პაშალიჩი 74), ბერტოლაჩი; სუსო, ბაკა (ლაპადულა 102), ბონავენტურა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 კიელინი (18), 1:1 ბონავენტურა (38)

პენალტების სერია: 1:0 მარკიზიო, 1:0 ლაპადულა (მეკარე), 1:0 მანჯუკიჩი (ხარიხა), 1:1 ბონავენტურა, 2:1 იგუაინი, 2:2 კუცკა, 3:2 ხედირა, 3:3 სუსო, 3:3 დიბალა (მეკარე), 3:4 პაშალიჩი

გაფრთხილება: ლიხშტაინერი (35), იგუაინი (120) – რომანიოლი (43), კუცკა (58), დე შილიო (70)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (10) – 17 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 11:5 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ანტონიო დამატო

0.329355