საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველის გუნდმა "პრიმორსკამ" მე-12 ტურში შინ ბოლოადგილოსანი "სკოფია ლოკა" დიდი ანგარიშით 104:57 დაამარცხა, სანაძემ კი 20:16 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა.
დუდას განვლილ მატჩში სამქულიანები უფრო არ წაუვიდა და 5 მცდელობიდან 2 ჩააგდო, ორქულიანებში კი 50%-იანი შედეგი ჰქონდა (6-დან - 3). სანაძის წინააღმდეგ მეტოქეები 6-ჯერ დაჯარიმდნენ, საბოლოოდ კი 8 თავისუფალი სროლიდან დუდამ 8 ქულა აიღო.
სანაძე ბომბარდირთა დავას კვლავ ლიდერობს. დუდამ 11 მატჩში 212 ქულა მიითვალა, მის მდევრებს, სლოვენიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის "ზლატოროგის" კალათბურთელებს იან სპანს და იგორ ტრატნიკს 12 მატჩში შესაბამისად 205 და 203 ქულა აქვთ ჩაგდებული.
"პრიმორსკა" ჩემპიონატში მე-4 ადგილზე 8 მოგებით და 4 წაგებით იმყოფება. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 7 იანვარს "ტაიფუნის" წინააღმდეგ გამართავს.