იტალიაში საფეხბურთო წელი დღეს დასრულდება - აკორდი მართლაც განსაკუთრებულია: “იუვენტუსი” და “მილანი” ერთმანეთს სატიტულოდ შეერკინებიან ყატარის დედაქალაქ დოჰაში იტალიის სუპერთასის თამაშია.
შეხვედრას ორივე გუნდი მთელი სერიოზულობით უდგება და რა გასაკვირია, საშობაოდ თასი მშვენიერი საჩუქარი იქნება. ეს განსაკუთრებით, “მილანზე” ითქმის, რადგან 2011 წლიდან მოყოლებული “როსონერის” ტიტული არ მოუგია. ამაზე ადრიანო გალიანიმაც ისაუბრა ცალკე. ბოლოს, “მილანმა” სწორედ იტალიის სუპერთასი დაისაკუთრა ბოლოს, როდესაც 2011 წლის აგვისტოში პეკინში “ინტერთან” 2:1 გაიმარჯვა. “იუვენტუსს” რაც შეეხება, მოქმედი გამარჯვებული სწორედ “ბებერი ქალბატონია” – 2015 წლის აგვისტოში, შანხაში, “იუვემ” “ლაციოს” 2:0 აჯობა.
სხვათა შორის, “იუვენტუსს” ყველაზე მეტჯერ, შვიდჯერ აქვს დასაკუთრებული იტალიის სუპერთასი, მეორე ადგილზე კი, “მილანია” – “როსონერიმ” აღნიშნული ჯილდო 6-ჯერ მოიპოვა, მათ შორის, პირველი გათამაშებაც ლომბარდიელებმა მოიგეს 1988 წელს. მოკლედ, “როსონერის” შანსი აქვს “იუვენტუსს” გაუტოლდეს.
სხვათა შორის, იყო შანსი, რომ მატჩი გადადებულიყო, რადგან “მილანი” ყატარში პრობლემების ფონზე გაფრინდა. საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდა და ერთი დღის დაგვიანებით, მაგრამ მაინც ვინჩენცო მონტელას გუნდი დოჰაშია და გადამწყვეტი შეხვედრისთვის ემზადება.
“იუვენტუსს” კი, ასეთი სახის ინციდენტი თავს არ გადახდომია. მასიმილიანო ალეგრი მეტოქეს სრული სერიოზულებოთ ეკიდება. არაა გამორიცხული, რომ დღეს “იუვემ” სამი შემტევით ითამაშოს: პაულო დიბალა, მარიო მანჯუკიჩი და გონსალო იგუაინი.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ იგუაინს ზუსტად ორის წლის წინ, 2014 წლის დეკემბერში, ასევე დოჰაში, “იუვენტუსის” კარში დუბლი აქვს შესრულებული და მაშინ ტიტული “ნაპოლიმ” მოიპოვა. ანუ, “პიპიტას” ტურინელი ქომაგების თვალში “დანაშაული” აქვს გამოსასყიდი.
მიმდინარე წელს ეს “იუვე” – “მილანის” მეოთხე თამაში იქნება: გასულ სეზონში, სერია ა-ში “ბებერმა ქალბატონმა” მოიგო მარიო მანჯუკიჩისა და პოლ პოგბას გოლებით 2:1, ხოლო მიმდინარე სეზონში “როსონერიმ” იმძლავრა და მანუელ ლოკატელის გოლით სამი ქულა მოიპოვა. ამ მატჩთა შუალედში კი, კოპა იტალიის ფინალში, რომში, “იუვენტუსმა” ალვარო მორატას მიერ დამატებით დროში გატანილი გოლით თასი მოიპოვა. სხვათა შორის, “მილანი” სუპერთასზე სწორედ თასის ფინალისტის რანგში თამაშობს, რადგან “იუვემ” ჩემპიონობაც მოიპოვა და კოპა იტალიაც გასულ სეზონში.
რაც შეეხება უშუალოდ იტალიის სუპერთასზე ამ გუნდთა დაპირისპირების ისტორიას: 2003 წლის ივლისში, ნიუ ჯერსიში, ძირითად დროში გოლი არ გასულა. დამატებით დროში კი, ჯერ ანდრეა პირლომ გახსნა ანგარიში, მაგრამ ერთ წუთში დავიდ ტრეზეგემ გაათანაბრა. პენალტების სერიაში კი, მარჩელო ლიპის გუნდმა იმარჯვა. სხვათა შორის, ეს მატჩი 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ორ თვეში გაიმართა. მოგეხსენებათ, მაშინ, “მილანმა” მოიგო პენალტების სერიაში.
იტალიის სუპერთასი აქამდე აპენინის ფარგლებს გარეთ 7-ჯერ ჩატარებულა. ოთხჯერ ჩინეთში, ორჯერ აშშ-ში, ხოლო ერთხელ ყატარში. ამჯერად, დოჰა მეორედ უმასპინძლებს იტალიის სუპერთასს. “იუვენტუსმა” თითოჯერ იმარჯვა ამერიკაში და ორჯერ ჩინეთში. “მილანმა” ერთხელ ამერიკაში, ხოლო ერთხელაც ჩინეთში დაისაკუთრა ტიტული. თითოჯერ მოიპოვეს ჩემპიონობა “ინტერმა” და “ნაპოლიმ” შესაბამისად, ჩინეთსა და ყატარში.
სავარაუდო შემადგენლობები:
“იუვენტუსი” – “მილანი”
23 დეკემბერი, 20:30 საათი
დოჰა, “ალ სად-იასიმ ბინ ჰამად სთედიუმი”
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, მარკიზიო, სტურარო; პიანიჩი; დიბალა, იგუაინი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი, ბერტოლაჩი; სუსო, ბაკა, ბონავენტურა
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
მსაჯი: ანტონიო დამატო
აქვე, მცირე სტატისტიკური მონაცემები იტალიის სუპერთასზე:
იტალიის სუპერთასი პირველად 1988 წელს გათამაშდა: მოქმედმა ჩემპიონმა “მილანმა” “სან სიროზე” 3:1 აჯობა თასის მფლობელ “სამპდორიას”.
აქამდე 28-ჯერ გათამაშდა თასი და ყველაზე მეტჯერ “იუვენტუსმა” მოიგო (7). ასევე ტურინელებს, ყველაზე მეტჯერ აქვთ წაგებული ფინალური მატჩი (4). ამდენჯერვე გაუშვეს სუპერთასის მოპოვების შანსი ხელიდან “რომამ” და “ინტერმა”.
მთლიანობაში, სუპერთასისთვის “იუვენტუსმა” 11-ჯერ, ხოლო “ინტერმა” და “მილანმა” 9-9-ჯერ ითამაშეს.
სკუდეტოს მფლობელმა სუპერთასი 21-ჯერ მოიპოვა, ხოლო კოპა იტალიის გამარჯვებულმა – შვიდჯერ.
იტალიის სუპერთასს ოთხი საუკეთესო ბომბარდირი ჰყავს: ალესანდრო დელ პიეროს, ანდრეი შევჩენკოს, სამუელ ეტო’ოსა და კარლოს ტევესს 3-3 გოლი აქვთ გატანილი.
პენალტების სერიით გამარჯვებული ოთხჯერ გამოვლინდა. მათ შორის, 2014 წელს დოჰაში, როდესაც “ნაპოლიმ” “იუვენტუსს” აჯობა. დამატებითმა დრომ კი თამაშის ბედი სამჯერ გადაწყვიტა. ორჯერ “ინტერნაციონალე” გამოვიდა გამარჯვებული, ერთხელ “იუვენტუსი”.