საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ მშრალი სერია შეწყვიტა, თანაც დუბლით - 26 წლის ფორვარდმა დღეს, სერია A-ს XVII ტურში "კალიარისთან" დიდებულად ითამაშა. ლევანმა ჯერ მე-8 წუთზე გაუტანა სარდინიელებს, როდესაც გვიდო მარილუნგოს გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო 72-ე წუთზე უკვე მოხდენილი გოლი შეაგდო: ისევ მარილუნგოს პასი და ლევანის ძლიერი დარტყმა შორეულ კუთხეში.
ქართველმა ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატში გოლი 2015 წლის მაისის შემდგომ პირველად გაიტანა და აღსანიშნავია, რომ მაშინაც დუბლი შეასრულა - მილანში, "ინტერთან".
მჭედლიძემ მოედანზე 82 წუთი გაატარა და მერე მის ნაცვლად თამაშში ალბერტო ჯილარდინო ჩაერთო. ტიფოზებმა კი, ჩვენებურის მიმართ აპლოდისმენტები არ დაიშურეს. "ემპოლის" ამ გამარჯვებით 14 ქულა გაუხდა და მეჩვიდმეტე ადგილზე იმყოფება.